ირაკლი ღარიბაშვილი: მე ავტვირთე „ჰაკიმ ფაშას“ ვიდეოები, ეგ არ იცით, ქალბატონო ირმა? (ვიდეო)

რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს გამოუძიებელი საქმეები შეახსენა და მას კითხვებით მიმართა.
“მე მინდა, ჩაგეკითხოთ იმ გახმაურებული საქმეების შესახებ, რომლებიც ან მთლიანად არ გახსნილა ან ფორმალური პროცედურები იყო გატარებული. ეს ჩამონათვალი ძალიან დიდია: გუნავასთვის იარაღის ჩადება, ლუკა კურტანიძის მიერ ჭიდაობის ფედერაციის მაღალჩინოსნის ცემა, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალება, რაც კარგად გამოიყენეთ წინასაარჩევნოდ, გელა ხვედელიძის მიერ პირადი ხასიათის ვიდეომასალის ატვირთვა, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე, მოსამართლის თანაშემწის საქმე, გია ლორთქიფანიძის საქმე, NAC-ის ვიზიტის დროს მერიის თანამშრომლებისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა, ბედუკაძის და “ბასტი ბუბუს” საქმეები – ისინი თქვენ გაათავისუფლეთ ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან და თქვენი პარტიის სახეებად იქცნენ, ბაჩო ახალაიას უკანონო აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გაკეთება, მამუკა მიქაუტაძის საქმე, ოფიცერ თათუხაშვილის საქმე, ჯიჰადის ვიდეოები – ჩოკუტაევის ვერსია თქვენც კი იმდენად არასერიოზულად გეჩვენებათ, რომ მისი დედაც კი არ დაგიკითხავთ, ჰაკიმ ფაშას ვიდეოები, ვინ მოიპარა გამოძიებიდან ეს მასალები და ვინ ატვირთა”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა, რასაც პრემიერის ხუმრობა მოჰყვა.
“მე ავტვირთე, ეგ არ იცით, ქალბატონო ირმა?”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა და იქვე დასძინა, რომ მასაც აქვს ძალიან საინტერესო სახელი მოფიქრებული ირმა ნადირაშვილისთვის, თუმცა ცალკე ეტყვის.
პრემიერის განცხადებით, ირმა ნადირაშვილის ჩამონათვალი ღიმილისმომგვრელია. მან დეპუტატს რეალურ ფაქტებზე მსჯელობა ურჩია.
“ეს არის 300 000 ადამიანი გასამართლებული, ნაწამები და გაუპატიურებული პატიმრები, დანგრეული ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა – ეს არის ის მემკვიდრეობა რაც ჩვენ გვერგვო. თქვენი ეს ჩამონათვალი არის სასაცილო და ღიმილის მომგვრელი და ჩვენ არ ვაპირებთ პასუხის გაცემა, ამას თქვენ ვეღარ მიიღებთ ჩვენგან და გირჩევთ, რომ რეალურ ფაქტებზე ვიმსჯელოთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=hdnQ0wSMvAI&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები