პრემიერმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. პრემიერის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მინისტრობის კანდიდატები ყველა იმ მოთხოვნას უპასუხებენ, რომლებიც ახალ გამოწვევებს თან ახლავს.
“ახლა, როცა მთელ ძალისხმევას ვდებთ იმისათვის, რომ ქვეყნის ევროპეიზაცია გახდეს შეუქცევადი პროცესი, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვგრძნობ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოვდუნდეთ და აქტიურად და მიზანმიმართულად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ შეუფერხებლად განვახორციელოთ ის რეფორმები, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის. ეს ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ძალიან შრომატევადი პროცესია და სრულიად ბუნებრივია, რომ ამ პროცესში ჩვენ მოვახდინოთ სამთავრობო გუნდის გადახალისება. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ განახლებული გუნდი. მათ უდიდეს უმრავლესობას ყველა იცნობთ. ახალი მინისტრების შერჩევისას მე გავითვალისწინე ახალი რეალობა და შევარჩიე ისეთი კანდიდატები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, უპასუხებენ ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც თან ახლავს ახალ გამოწვევებს, და წარმატებით გაუძღვებიან იმ დარგებს, რომლებსაც მათ ვაბარებთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები