არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებამ დაინახა, რომ „ნაცმოძრაობას“ შეუძლია, თან შერიგებაზე ილაპარაკოს, თან სახელმწიფო ინსტიტუტებზე მყისიერი შეტევა დააანონსოს
“საზოგადოებამ დაინახა, რომ „ნაცმოძრაობას“ შეუძლია, თან შერიგებაზე ილაპარაკოს და თან სახელმწიფო ინსტიტუტებზე მყისიერი შეტევა დააანონსოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
“შერიგება, ეროვნული თანხმობა, დიალოგი, პოლიტიკური შეთანხმება პრეზიდენტ მიშელის მონაწილეობით, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა შეთანხმება, „ნაცმოძრაობისთვის“ არის ერთადერთი საშუალება, რომ თავი დააღწიონ მართლმსაჯულებას და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით როგორმე შევიდნენ ხელისუფლებაში.
ვერცერთს და ვერცმეორეს ვერ მიაღწიეს, მაგრამ საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ, თან შერიგებაზე ილაპარაკონ და თან სახელმწიფო ინსტიტუტებზე მყისიერი შეტევა დააანონსონ. შეუძლიათ, თან ვინმეს ხელი ჩამოართვან და შეთანხმება დადონ, თან ეს შეთანხმება არ შეასრულონ. შეუძლიათ, მოუწოდონ სხვას დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ, მეორე ხელით კი მოისყიდონ ადამიანები – ჩვენ ვნახეთ სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები სასამართლოსთან, როდესაც ფულს უხდიდნენ ადამიანებს, რომ აქციაზე დამდგარიყვნენ და რაღაც განცხადებები გაეკეთებინათ. ამის მერე რაზე უნდა ვისაუბროთ? ვინმეს გვაქვს ილუზია, რომ ეს ხალხი იმსახურებს ხელისუფლებაში რაღაც ბერკეტების მიღებას? ამას ხალხი წყვეტს. უკვე მერვე არჩევნებზე ხალხმა თქვა, რომ ამ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში რაიმე ფორმით მოსვლა არ სურს. დღეს კი „ნაცმოძრაობას“ ყურადღება მარცხიდან გადააქვს სხვა რამეზე იმიტომ, რომ ვერ უხსნიან საკუთარ ამომრჩეველს, რომ არჩევნებში დამარცხდნენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.