თამარ გაბუნია: კარგია, რომ 60 წლის ზემოთ პირებში ფინანსური წახალისების მექანიზმი ვაქცინაციის თვალსაზრისით საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა
“ომიკრონის“ გავრცელებასთან ერთად, კვლავაც მოსალოდნელია შემთხვევების მატება და საწოლებზე მოთხოვნების გაზრდა, ამდენად, კლინიკები უნდა დარჩნენ მობილიზებულ მდგომარეობაში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიამ ვაქცინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებს აცრის მეორე დოზის გაკეთებას ოჯახის ექიმთან ერთად SMS-ის საშუალებით შეახსენებენ.
„საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის მთავარი თემა, ბუნებრივია, გახდა მზადება „ომიკრონის“ მოსალოდნელი გავრცელებისთვის პრევენციული ღონისძიებებისა, ასევე, ჯანდაცვის სისტემის მზაობის თაობაზე. დღევანდელი მდგომარეობით, სამედიცინო სექტორში მობილიზებული რჩება 9112 საწოლი. კლინიკაში ამჟამად იმყოფება 5 488 პაციენტი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – 1350, რეანიმაციაში – 313. თავისუფალი საწოლების რაოდენობა შეადგენს 3227, რაც არის, დაახლოებით, 30% მობილიზებული საწოლფონდის. ამ შემთხვევაში, ჩვენ, ბუნებრივია, კვლავაც ვრჩებით მობილიზებულ მდგომარეობაში, რადგან „ომიკრონის“ გავრცელებასთან ერთად კვლავაც მოსალოდნელია შემთხვევების მატება და საწოლებზე მოთხოვნების გაზრდა, ამდენად კლინიკები უნდა დარჩნენ მობილიზებულ მდგომარეობაში იანვრის თვეშიც. სრული ვაქცინაცია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. კარგია, რომ 60 წლის ზემოთ პირებში ფინანსური წახალისების მექანიზმი საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა – აცრილთა რაოდენობამ უკვე 100 ათასს გადააჭარბა. 60 წელს ზემოთ მოქალაქეების 43% უკვე მოვიდა, რომ ჩაიტაროს მეორე აცრა. ნაწილს უბრალოდ არ უწევს მეორე აცრის გაკეთება, ჯერ არ არის შესაბამისი დრო. ჩვენ ჩვენი მხრიდან ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ დრო საკმარისია იმისთვის, რომ მეორე აცრა ჩაიტარონ. მთავარია, აქ ოჯახის ექიმების აქტიურობა. ოჯახის ექიმებს აქვთ ინფორმაცია იმ აცრილი პირების შესახებ, ვინც მათ უბანზეა რეგისტირირებული და ისინი აქტიურად მოიწვევენ. ასევე გამოვიყენებთ SMS შემახსენებელს, პირს რომ შევახსენოთ მეორე აცრაზე მოსვლა”, – განაცხადა გაბუნიამ.