ვიქტორ სულაქველიძე – ქართველი ინჟინერი და სამხედრო, რომლის საქმიანობაც გასაიდუმლოებული იყო
ვიქტორ სამსონის ძე სულაქველიძე დაიბადა 1919 წლის 15 დეკემბერს, ვანის რაიონის სოფელ მთისძირში, რუსული ენის მასწავლებლის ოჯახში.
1942 წელს, კიროვის სახელობის თბილისის ინდუსტრიული (შემდგომში – პოლიტექნიკური) ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტის დასრულებისთანავე გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. თუმცა, ჯარში არ უმსახურია, რადგან იოსებ სტალინის ბრძანების შესაბამისად, ყველა წარჩინებული კურსდამთავრებული მიავლინეს სამხედრო აკადემიებში. ეს აუცილებელი იყო ოფიცერთა რიგების შესავსებად. ასე მოხვდა ახალგაზრდა სპეციალისტი ფ. ძერჟინსკის სახელობის სამხედრო-საარტილერიო აკადემიაში, რომელიც 1943 წელს დაამთავრა, მაგრამ სამხედრო სამსახურში დარჩა და მთელი შემდგომი ცხოვრება აკადემიის კედლებში გაატარა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942-46 წლებში, ვ. სულაქველიძე დერჟინსკის სახელობის სამხედრო-საარტილერიო აკადემიასთან ერთად იმყოფებოდა ევაკუაციაში, უზბეკეთში. აკადემია განლაგებული იყო სამარყანდის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის შენობაში. მოსკოვში მხოლოდ ომში გამარჯვების შემდეგ დაბრუნდნენ.
ვიქტორ სულაქველიძის საქმიანობა გასაიდუმლოებული იყო. მისი მოღვაწეობის შესახებ სამშობლოში არაფერი იცოდნენ. „შენ მიყიდული ხარ სახელმწიფოს“, – უთქვამს მას ერთხელ. მთელი ცხოვრება საქართველოში მუშაობაზე ოცნებობდა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
ვიქტორ სულაქველიძე რაკეტების შექმნაზე მუშაობდა. ის ხვეწდა და აუმჯობესებდა საბჭოთა საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო (ბირთვულ) ქობინებს, რათა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე აფეთქების შემდეგ გაძლიერებულიყო გამა და ზემაღალი სიხშირის გამოსხივება. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ჯერჯერობით კვლავ საიდუმლოა, მაგრამ, სავარაუდოდ, პროფესორ სულაქველიძეს შემუშავებული ჰქონდა ჩვეულებრივი ჭურვების აფეთქებისას წარმოქმნილი ენერგიის გენერირების მეთოდები ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაში, რაც მომავლის იარაღად ითვლება, რადგან მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული მოწყობილობების მწყობრიდან გამოსაყვანად არის განკუთვნილი.
გარდა ამისა, ქართველი მეცნიერი ცნობილია, როგორც ლაზერული პისტოლეტის ავტორი. ამ იარაღის მთავარი დანიშნულება კოსმოსურ სივრცეში მოწინააღმდეგის თანამგზავრის ოპტიკური ხელსაწყოების მწყობრიდან გამოყვანა გახლდათ.
საბჭოთა გენერლები არ გამორიცხავდნენ ამერიკელ ასტრონავტებს დედამიწის ორბიტაზე მფრენი საბჭოთა უპილოტო და პილოტირებული ხელოვნური თანამგზავრების ხელში ჩაგდება განეზრახათ. სწორედ კოსმოსურ ორბიტაზე თავდასაცავად, საბჭოთა კავშირის გენშტაბმა ექსპერიმენტული ლაზერული პისტოლეტის შექმნა დაუკვეთა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სამხედრო აკადემიის მეცნიერებს, კერძოდ, იმ სამეცნიერო-კვლევით ჯგუფს, რომელსაც ვიქტორ სულაქველიძე ხელმძღვანელობდა.
გენერალ სულაქველიძის სამეცნიერო ჯგუფმა შეძლო შეექმნა პისტოლეტი (1984 წ.), რომლის ვაზნაში არც ტყვია იყო და არც დენთი. მასში ჩამონტაჟებული გახლდათ პიროტექნიკური ნარევი, რომელსაც ზემოდან ვოლფრამის შემცველი პასტა ჰქონდა გადასმული. გასროლისას პისტოლეტის სასხლეტის წინ ჩამონტაჟებული ჩვეულებრივი „კრონას“ ბატარეადან ელექტროიმპულსი მიეწოდებოდა ვაზნას, მისი შიგთავსი ფეთქდებოდა და დიდი ენერგია წარმოიქმნებოდა, რომელიც პისტოლეტის ლულაში მოთავსებული სპეციალური ლინზების სისტემის გავლით მიზნისკენ ლაზერის სხივს გასტყორცნიდა.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ექსპერიმენტული ლაზერული პისტოლეტი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ დიდ საიდუმლოებად ითვლებოდა, თუმცა, საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ „კოსმოსური ომების“ საფრთხეც წარსულს ჩაბარდა და სულაქველიძის ლაზერულმა პისტოლეტმა საბოლოო ნავსაყუდელი სამხედრო აკადემიის ისტორიის მუზეუმში ჰპოვა.
გენერალმა სულაქველიძემ შექმნა დიდი სამეცნიერო სკოლა, რომელმაც აღზარდა მრავალი ბრწყინვალე სამხედრო სპეციალისტი, მათ შორის, 12 ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. მას ეკუთვნის 150-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური მნაშრომი. ვიქტორ სულაქველიძე 1984 წლის 31 ოქტომბერს მოსკოვში გარდაიცვალა. ის საქართველოში ჩამოასვენეს და თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.