ინტელიგენციის თავშესაფრიდან „ოფიცერთა სახლამდე“ – შენობა რუსთაველის N14-ში
„ოფიცერთა სახლის“ სახელით ცნობილი შენობა შოთა რუსთაველის N14-ში 1916 წელს აშენდა. დიდი ზომის სამსართულიანი ნაგებობა ცნობილი არქიტექტორის, დავით ჩისლიევის პროექტით ააგეს. (ამავე ავტორს ეკუთვნის რუსთაველის გამზირზე აგებული „ზარია ვოსტოკას“ შენობა).
თავდაპირველად შენობაში თბილისის საარტისტო წრე – „ტფილისის კრუჟოკი“ იყო განთავსებული, სარდაფში კი – არტისტული კაფე „არგონავტების ნავი“. კაფე XX საუკუნის ცნობილმა მხატვრებმა – კირილე ზდანევიჩმა, ლადო გუდიაშვილმა და ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვმა მოხატეს. შენობის კოჭების საყრდენი ქალის ქანდაკებები, ე.წ. კარიადიტები, გამოჩენილი ქართველი მოქანდაკის, იაკობ ნიკოლაძის შესრულებულია.
1918 წლიდან ნაგებობის სარდაფში გაიხსნა იმ პერიოდის თბილისში საკმაოდ პოპულარული, ბოჰემური ტიპის სტუდია „არგონავტების ნავი”. სტუდია აკმეისტების (პოეტთა თბილისური გილდია) შეხვედრის ადგილს წარმოადგენდა. აქ მოდიოდნენ პოეტები, კომპოზიტორები, ჟურნალისტები, მხატვრები, პოეტები.
მე-20 საუკუნის ოციან წლებში, მაშინ, როცა კავკასიის ქედს გადაღმა ბოლშევიკები გაბატონდნენ, ტფილისი და მისი კაფეები, მათ შორის, სტუდია „არგონავტების ნავი“ ბოლშევიზმს გამოქცეული რუსული ინტელიგენციის თავშესაფარად იქცა.გრიგოლ რობაქიძე ასე აღწერს მაშინდელ თბილისს:
„ტფილისი უცნაური ქალაქია, ხოლო 1919-1920 წლებში კიდევ უფრო აუცნაურდა. გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ. სცენიდან გაისმოდა კოჩალოვის ხმა… ტფილისშივე იყო ხოდოტოვი, სცენიდან მისი ხმაც ისმოდა. კომპოზიტორი ჩერეპნინი კაფეში შედიოდა მთვრალი და ნაღვლობდა რუსეთზე. მხატვარი სერგეი სუდეიკინი რესტორანს ხატავდა, რომელსაც ქართველმა პოეტებმა „ქიმერიონი“ დაარქვეს – სუდეიკინმა მართლაც აავსო რესტორანი ქიმერებით. მხატვარ საველიი სორინს ყელმოღერებულ თავადის ასულების პროფილები ტილოზე გადმოჰქონდა ლამაზი, მეტად ლამაზი ხაზებით… ვინ არ იყო მაშინ ტფილისში? ფუტურისტებმაც აქ გადადგეს ნაბიჯი დადაიზმისკენ. მათ შექმნეს ორგანო „41 გრადუსი“. ტფილისშივე იყო ილია ზდანევიჩი, დიდებული იყო, როცა კაფეებში თავის „სმერტ გაპპოს“-ს კითხულობდა… ვასილი კამენსკიც ეწვია მაშინ ტფილისს… იყვნენ სხვებიც.
ტფილისი გახდა პოეტების ქალაქი. კაფე „ინტერნაციონალში“ კიდეც გამოაცხადეს პოეტების ქალაქად. კიდევ მეტი: გაიძახოდნენ – პოეზია მარტო ტფილისშიაო… ქვეყანა მართლაც იქცეოდა და მხოლოდ ტფილისი იყო ერთად ერთი ქალაქი, რომელიც ასეთ „ქცევას“ პოეტური მღერით ხვდებოდა. ასეთი იყო ტფილისის ფანტასტიკა…“
სამწუხაროდ, მე – 20 საუკუნის 20-იანი წლების კულტურული რენესანსი თბილისში მალევე დასრულდა. 1921 წელს საქართველოში საბჭოთა წყობილება დამყარდა. „არგონავტების ნავი“ დახურეს. შენობაში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ოფიცერთა სახლმა დაიწყო ფუნქციონირება, აქვე იყო მცირე კინოდარბაზიც, რომელიც თითქმის გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე ფუნქციონირებდა.