“ვაქცინა ნიშნავს იმას, რომ არ მოკვდები” – კამპანიის #ავიცრათერთმანეთისთვის ფარგლებში საინფორმაციო რგოლი მომზადდა
კამპანიას #ავიცრათერთმანეთისთვის ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე შეუერთდა და მისი მონაწილეობით რგოლი მომზადდა. ამბობს, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გზაა გადარჩენისთვის. ფოტოგრაფი რეანიმაციაში ყოფნის დროს საკუთარ გამოცდილებას იხსენებს და ამბობს, რომ მიუხედავად თავის ცხოვრებაში არაერთი მძიმე პერიოდისა, ყველაზე კატასტროფული მდგომარეობა რაც მის მეხსიერებაში დარჩა, სწორედ რეანიმაციის განყოფილებას უკავშირდება.
“ისეთი პროფესიის ადამიანი ვარ, ყველაფერი მაქვს ნანახი – ომი, ტყვეობა, ციხე. ყველაზე კატასტროფული მდგომარეობა, რაც ჩემს მეხსიერებაში დარჩა, არის რეანიმაციის განყოფილება, სადაც ადამიანები ცდილობენ რომ ჟანგბადი შეისუნთქონ, სადაც შენ ვერაფერს წყვეტ, სადაც შენი ბრძოლა არის ერთადერთი, რომ მაქსიმალურად დამოკიდებული ხარ ექიმებზე და მათ კვალიფიკაციაზე, რომ გადარჩე. უამრავ ადამიანს ვხედავდი, რომელიც ცდილობდა ოდნავი ჟანგბადი მაინც მიეწოდებინა საკუთარი ფილტვებისთვის.
ამ ვერაგ დაავადებას აქვს თვისება, რომ რაღაც კვალს ტოვებს. მე, დაახლოებით 6-7 თვე დამჭირდა, რომ ხელახლა გამევლო, მეეტყველება მესწავლა თავიდან.
თითოეულ ჩვენგანს შეგვეხება თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ იგნორირებას იმ მთავარი პრინციპების, რაც უნდა დავიცვათ. მე პირადად ვიცი, რომ ერთადერთი გადარჩენის გზა, რომ მსუბუქად გადაიტანო ეს დაავადება არის ვაქცინაცია.
ვაქცინა არ ნიშნავს იმას, რომ არ შეგხვდება, ვაქცინა ნიშნავს იმას, რომ არ მოკვდები”, – ამბობს გიორგი აბდალაძე.
კამპანია #ავიცრათერთმანეთისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გააქტიურების ხელშესაწყობად დაიწყო, რომელსაც უკვე არააერთი ცნობილი ადამიანი, სტუდენტები და სხვა მოქალაქეები შეუერთდნენ.