21 წლის ბალერინის, საბალეტო დასის სოლისტის ნინი სამადაშვილის ცხოვრება – თითის წვერებზე
როცა სცენა შენია, როცა მაყურებელი ფეხზე დგება, როცა ბალერინა ხარ, როცა ოცნებები ხდება, ცეკვისა და მუსიკის კავშირი ის ერთობაა, რაც 21 წლის ბალერინის სასცენო ცხოვრებას ქმნის. ცეკვით მოყოლილი შინაარსის ვირტუოზული გადმოცემა მისი შემოქმედების მთავარი შტრიხია.
„ანტრე“ – სცენაზე ნინი სამადაშვილია.
– გამხდარიყავი ბალერინა? – ეს იყო ბავშვობის ოცნება თუ მოგვიანებით მოსული სურვილი ?
– 6 წლიდან დავდივარ ბალეტზე. ამ ასაკიდან ვოცნებობდი ბალერინობას. 10 წლის ვიყავი, როდესაც ჩავაბარე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ამავდროულად, ვსწავლობდი და დავამთავრე შალვა ასლანიშვილის სახელობის მე-5 სამუსიკო სკოლა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ პირდაპირ ჩავირიცხე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც უკვე 3 წელია ვმუშაობ. შარშან ვიყავი კონკურსზე „RIGA PAVASARIS”, სადაც ავიღე პირველი ადგილი და გრან-პრი. ამავდროულად, ჩავაბარე კონსერვატორიაში ქორეოგრაფ- რეპეტიტორის ფაკულტეტზე.
– როგორ იცნობდნენ ნინი სამადაშვილს საბალეტო სკოლაში?
– სკოლაში ყოველთვის ძალიან მიზანდასახული ვიყავი. სხვაგვარად უბრალოდ არაფერი გამომივიდოდა. მასწავლებლები კარგად მახასიათებდნენ. „შრომისმოყვარე და მოწესრიგებული“,- ეს სიტყვები მახსოვს მათგან. რაც შეეხება ბალეტის პედაგოგს, მან იცოდა, რომ იმედებს არასდროს გავუცრუებდი.
– ფეხის წვერებზე ცეკვა ყველაზე რთულ პასაჟად ითვლება – როგორ ახერხებ ამ დროს მაქსიმალურ პლასტიკას?
– საკმაოდ რთულია, ეს ყველაფერი სინქრონში მოიყვანო. პუანტზე დგომა ჩვენთვის სირთულეს აღარ წარმოადგენს. სირთულე ტექნიკაშია, ამიტომაცაა, რომ ჩვენი დღე იწყება კლასიკით, სადაც, საათნახევარი მხოლოდ იმაზე ვვარჯიშობთ, რომ ტექნიკა გავაუმჯობესოთ, დავხვეწოთ იმდენად, რომ ცეკვის დროს სხეულს სრული თავისუფლება მისცე, არ იფიქრო იმაზე, რა რთული ილეთი გაქვს შესასრულებელი და მაქსიმალურად პლასტიკური იყო.
– ახლა რა ეტაპია შენს კარიერაში?
– ეს წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დატვირთული იყო. დაიწყო იმით, რომ გავხდი სოლისტი, შემდეგ, რაც ყველაზე მთავარია, მქონდა პრემიერა „გედების ტბაში“. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ოცნება – შემესრულებინა ოდეტა-ოდეილიას პარტია. პარტნიორობას მიწევდა რუსეთიდან მოწვეული სოლისტი მიხეილ ტიმოევი. საახალწლო გალაკონცერტი ჩატარდა დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც შევასრულე ორი პადედე. ეს იყო პადედე „მაკნატუნადან“ და პრემიერა „რაიმონდაში“.
ასევე წელს იყო ბალანჩინის იუბილე. 110 წლისთავისადმი მიძღვნილ გალაკონცერტზე ჩამოსული იყო უამრავი სტუმარი. ჩვენ გავხსენით გალაკონცერტი ბალეტით „სერენადა“, სადაც ვცეკვავდი პირველ სოლისტს. ასევე ჩვენ დავხურეთ ბალეტით „ჩაკონა“. ორივეგან პარტნიორობას ბელორუსიიდან მოწვეული სოლისტი იგორ არტამანოვი მიწევდა.
გარდა ამისა, წლის განმავლობაში გვქონდა საკმაოდ რთული გასტროლები ესპანეთში, სადაც „მაკნატუნაში“ ვასრულებდი ფერია დრაჟეს – მთავარ როლს, გასტრობელს – ბეირუთში და მინსკში. მინსკში პირველ საღამოს ვასრულებდით ბალანჩინის ბალეტებს, მე და ჩემს იაპონელ პარტნიორს გვქონდა პრემიერა – ჩაიკოვსკის პადედე, მეორე საღამოს წარმოვადგინეთ ირჯი კილიანის ბალეტები და გასტროლი დავასრულეთ ქართული ნაციონალური საღამოთი, სადაც შევასრულეთ „მარგარიტა და არმანი“ „საიდუმლო ბაღი“ და „საგალობელი“.
– ქვეყნის მთავარი საბალეტო დასის სოლისტი გახდი… ქუჩაში თუ გცნობენ?
– სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენი პროფესია ისეთი პოპულარული არ არის, როგორც საზღვარგარეთ. ამაზე ძალიან მწყდება გული. აქედან გამომდინარე, ხალხიც ნაკლებად გვიცნობს.
– როგორი მოთხოვნებია დასში მთავარი სოლისტის მიმართ?
-როგორ გითხრათ, შენ თუ გინდა, რომ იყო სოლისტი, თავდაუზოგავად უნდა იშრომო ყოველ დღე და შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენო ყველას და შრომას აუცილებლად დაგიფასებენ. სხვა შემთხვევაში იქნები უბრალო ბალერინა, „32“-ე გედი .
– რა ხდება მას შემდეგ, რაც იცვამ პუანტებს, სასცენო კოსტიუმს და სცენაზე გადიხარ?
– ერთი სული მაქვს სცენაზე გავიდე. არ მიყვარს ლოდინი. მღელვარება და ნერვიულობა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ვცდილობ, მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყო. სპექტაკლის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ვიხსენებ რეპეტიტორის ყველა შენიშვნას, შემდეგ კი უკვე რა როლსაც ვასრულებ, ვცდილობ, ბოლომდე გავითავისო, გარდავიქმნა. ყველაზე ბედნიერი წუთებია, როდესაც გესმის მუსიკა და შენი გასვლის დროა. გადიხარ სცენაზე და სხვა სამყაროში ხარ.
– რომელია პარტია, რომელშიც ისურვებდი ნინი სამადაშვილის ხილვას?
– ჯერ კიდევ ბევრი საოცნებო პარტია მაქვს. „ჯიზელი“, „რომეო და ჯულიერა“, „დონ-კიხოტი“ და ა.შ.
ნანუკა ალავიძე