ექიმი: მიხეილ სააკაშვილის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით ნიკოლოზ ყიფშიძის ინიციატივის საფუძველი არ არსებობს
ექიმი, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი, გიორგი პაპიაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინიციატივის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ ექიმმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“მიკავშირდებიან ჟურნალისტები და მთხოვენ ჩემი მოსაზრების გამოხატვას გუშინ ბატონი ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გამოთქმული წინადადების შესახებ პაციენტის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ამისთვის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს. ჩვენი ჯგუფი შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ შეგვეფასებინა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა და რისკები იქ დარჩენის და შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში. ჩვენმა გუნდმა ეს გააკეთა პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მოხერხდა ის, რომ დღეს პაციენტი არის გორის ჰოსპიტალში კვალიფიციური სამედიცინო გუნდის ხელში, მას შეწყვეტილი აქვს შიმშილობა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს კვების აღდგენის პროცესში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექიმებს, ვინც მას ამჟამად მკურნალობენ, შესწევთ უნარი პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციის”,- წერს ექიმი.
შეგახსენებთ, ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით 20 ნოემბერს განცხადება გააკეთა: “იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად”.