13 წლის ვირტუოზი პიანისტის, დავით ხრიკულის მუსიკალურ-ცხოვრებისეული პასაჟები
ბემოლი თუ დიეზი? – დიეზი. მინორი თუ მაჟორი? – აუცილებლად მაჟორი. 13 წლის მუსიკოსის დავით ხრიკულის შემოქმედებაში რენესანსის პერიოდია. ვირტუოზი პიანისტის მუსიკალური კარიერა უკვე ბევრ კონცერტს, ჯილდოს, გასტროლს და პრიზს იტევს. ბგერები, ნოტები, აკორდები, ოქტავები და პასაჟები – ეს დავითის მუსიკალურ ცხოვრებაში იმ ჰარმონიას ქმნის, რომელსაც პიანისტი წარმატებას არქმევს.
– რომელი ასაკიდან და როგორ დაიწყო მუსიკასთან შენი ურთიერთობა?
– რაც კი მახსოვს ჩემი თავი – სულ ვუსმენდი მუსიკას. ეს იყო სხვადასხვა ჟანრი. მაგრამ მახსოვს, ყველაზე მეტად რომელი მუსიკა მომწონდა – ეს იყო შოპენი. სწავლა 8 წლის ასაკში დავიწყე. დედამ ქალბატონ დოდო ცინცაძესთან მიმიყვანა, რომელიც შემდეგ ჩემი პედაგოგი გახდა. ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა მუსიკასთან. მანამდე მხოლოდ ვუსმენდი.
– გვიამბე შენს გზაზე გამებიდან – კონცერტებამდე.
– თავიდან, როგორც ყველა ბავშვი, მხოლოდ გამებს ვუკრავდი. ძალიან სწრაფად გამომდიოდა. ძალიან მალე, დაახლოებით 2 თვეში ყველა გამა ჩავაბარე და გადავედით ეტიუდებზე და ასე შემდეგ.. „არტ აკადემიის“ სკოლიდან ბევრი რამ ვისწავლე. სწავლის პირველივე წელს დავუკარი ჰაიდნის „კონცერტი რე მაჟორი ორკესტრთან ერთად“. პირველი კონცერტი საზღვარგარეთ მქონდა. ამსტერდამში დავუკარი, ეს იყო საქველმოქმედო საღამო, სადაც დიდი თანხა შეგროვდა და სკოლისთვის როიალი შევიძინეთ. მაშინ ცხრა წლის ვიყავი. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი მუსიკალური გასტროლები და კონცერტები. ძალიან ბევრ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ყველა მათგანი მოვიგე. იყო სოლო კონცერტები პარიზში, კოპენჰაგენში, ავსტრიაში და, რა თქმა უნდა, თბილისში.
– პიანისტობა დიდ შრომას გულისხმობს, რა დრო მიაქვს მუსიკას?
– ზუსტად ვერ გეტყვით. ზოგჯერ მთელი დღე ვმეცადინეობ, ზოგჯერ 3-4 საათი.
– რომელი მომენტია ყველაზე სასიამოვნო შენს შემოქმედებაში?
– ყველაზე სასიამოვნო მომენტია, როდესაც სცენაზე გავდივარ და დიდ დარბაზში, კარგ როიალზე ვუკრავ.
– შენ უკვე გახასიათებენ, როგორ ვირტუოზ პიანისტს, რას ნიშნავს შენთვის ასეთი შეფასება?
– ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ სწრაფი დაკვრა არ ნიშნავს ვირტუოზობას, მე ვფიქრობ, რომ ვირტუოზული შესრულება ნიშნავს ჭკვიანად დაკვრას.
– რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მუსიკამ გასწავლა?
– ვფიქრობ, აზრის გადმოცემა, საკუთარი სათქმელის სწორად ჩამოყალიბება.
– რომელ ტონალობას ჰგავს ახლა შენი ცხოვრება?
– მაჟორს!
ნანუკა ალავიძე