მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანით, რის შესახებაც უკრაინულ მხარეს ნაკლები ინფორმაცია აქვს. ამის შესახებ საუბარია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს უკავშირდება.
„მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა საჭირო საშუალება სათანადო სამედიცინო და გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად.
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ოფიციალური ნოტა გაეგზავნა.
უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის შემდგომი დარჩენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებით რისკებსა და დაძაბულობას ქმნის, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინის საელჩო საქართველოში აგრძელებენ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარების სპეციალურ კონტროლს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების კომენტარში.