თამარ გაბუნია: გარკვეულწილად, მაღალი მობილობა აქციებს უკავშირდება, რაც ძალიან საფრთხილოა
“გარკვეულწილად, მაღალი მობილობა აქციებს უკავშირდება, ესეც, რა თქმა უნდა, ეპიდემიის მიმდინარეობას კვებავს და ძალიან საფრთხილოა, ზომები არის დასაცავი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, რეგულაციების დაცვა უმნიშვნელოვანესია.
„ინფექციის შეკავების გზა ისევ და ისევ არის დაწესებული რეგულაციების დაცვა, რომელიც მოქმედებს. ამის აღსრულება არის დღეს მნიშვნელოვანი. პირბადის გამოყენების მაღალ ნიშნულს თუ მივაღწევთ, ეს შედეგს მოგვცემს. გარკვეულწილად, მაღალი მობილობა აქციებს უკავშირდება, ესეც, რა თქმა უნდა, ეპიდემიის მიმდინარეობას კვებავს და ძალიან საფრთხილოა, ზომები არის დასაცავი. ჩვენ გავიარეთ შეზღუდვების ყველა ეტაპი, ვნახეთ, როგორ ტალღისებურად ვითარდება ეს ყველაფერი. ამიტომ, ამ ეტაპზე ისევ და ისევ ჩვენს ხელთ რჩება 3 ძირითადი წესი, რაც ვიცით – დისტანციის დაცვა, ხელის ჰიგიენა და პირბადის გამოყენება, ამას კიდევ ემატება ვაქცინაცია. ამ კონკრეტული მომენტისთვის მეტი რესურსი და მოლოდინი არ უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ ხვალვე ეპიდემიის გავრცელება საოცრად შეჩერდეს. კვლავ რჩება ვაქცინაციის მექანიზმი, რაც სიკვდილიანობის შემცირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა“, – განაცხადა გაბუნიამ.