ბიძინა კულუმბეგოვი: ვაქცინაციის ინტენსივობა უნდა გავზარდოთ, დისტანცია დავიცვათ და პირბადე გამოვიყენოთ, მეტი არაფერი დაგვრჩენია
“მიმდინარე ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის ფონზე, არაფერი კარგი მოლოდინი არ გვაქვს. გამოწვევები, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, პროგნოზირებადი, გათვლადი იყო”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.
მისივე თქმით, გამოსავალია ვაქცინაცია, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.
“მიმდინარე ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის ფონზე, არაფერი კარგი მოლოდინი არ გვაქვს. გამოწვევები, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, პროგნოზირებადი, გათვლადი იყო. აქ არაფერი უცხო და სიურპრიზი არ ხდება. სამწუხაროდ, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამას ვერ აცნობიერებს, დროა, სახელმწიფომ ქმედით ღონისძიებებს მიმართოს და გამოიყენოს ყველა შესაძლო ბერკეტი, რომელიც ადამიანებს მათი სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი მედიკამენტის გაკეთებისკენ უბიძგებს, ამ პრეპარატს ეწოდება ვაქცინა. რასაკვირველია, ვაქცინაციის ინტენსივობა უნდა გავზარდოთ, დისტანცია დავიცვათ და პირბადე გამოვიყენოთ, მეტი არაფერი დაგვრჩენია. რეალურად, ამ ბერკეტების გამოუყენებლობა ყოველდღიურად ჩვენი ათეულობით თანამოქალაქის სიცოცხლის ხელყოფაში ითარგმნება. ამიტომ ჩვენ რეალურად შევდივართ სერიოზული პანდემიის ფაზაში. ზამთრის, გაზაფხული შემოდგომის სეზონი არის რესპირატორული დაავადებების გავრცელების იდეალური პერიოდი, ამიტომ პრაქტიკულად, ჩვენ გვექნება ინფიცირების მაღალი ნიშნული. მით უმეტეს, როცა მოხსნილია ყველანაირი რეგულაციები. პანდემიის მიმდინარეობის ამ ეტაპზე მობილობის შეზღუდვა არ ვლინდება, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ეს შემაკავებელი ფაქტორები პრაქტიკულად არ არსებობს. წინასაარჩევნო პროცესში განსაკუთრებით გაზრდილი იყო თავშეყრები, მობილობა, რომელთა შედეგებს ჩვენ ახლა ვიმკით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სახელმწიფოს, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის სწრაფად აამუშაონ რეგულაციები, რომელიც გულისხმობს მიზნობრივ ჯგუფებში თუნდაც სავალდებულო ვაქცინაციას და საყოველთაო კოვიდპასორტების წესის ამოქმედებას, რომელიც გულისხმობს ადამიანებისთვის ალტერნატივების შეთავაზებას დახურულ სივრცეში, ტრანსპორტში. სადაც ვრცელდება ინფექცია, ადამიანი იყოს აცრის ან ახალი ტესტირებულის სტატუსით. ეს მოგვცემს საშუალებას, ყოველდღიური რიცხვები დრამატულად შევამციროთ, თუნდაც, შემდგომი ორი-სამი კვირის განმავლობაში. ამიტომ, სწრაფად არის გადაწყვეტილებები მისაღები“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.