ეს, ძალიან უცნაური და საყვარელი გნომები – ნამუშევრები, რომლებიც პანდემიის „წყალობით“ შეიქმნა

დაამთავრილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი. ხელნაკეთი ნივთების დამზადება, როგორც ამბობს, თავდაპირველად იყო მისი ჰობი. როდესაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პირველი ნამუშევარი, მრავალი მოწონება დაიმსახურა. ამან წაახალისა, გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა.
ამბობს, რომ ხელნაკეთი ნივთები დღეს დიდად ფასობს და  დაუღალავ შრომას მოითხოვს. პანდემიამ ძალიან შეუწყო ხელი. ფაქტობრივად, თითქმის ყველა ნამუშევარი პანდემიის დროს შეიქმნა. – მაია ქემერტელიძის პერსონა.

– ვიზრდებოდი პატარა ოჯახში, სადაც ვიყავით – მე დედა და მამა. დედისერთა ვიყავი.
მომწონდა თოჯინებით თამაში და მათ  ათასნაირ ლამაზ კაბას ვუკერავდი.  მიყვარდა მათთან თამაში და საუბარი.

ის პერიოდი ყველაზე ძვირფასი და დასამახსოვრებელი წლები იყო ჩემთვის, ბედნიერი და უდარდელი (რასაც ახლანდელ ბავშვობას არც და ვერც შევადარებ).
ტურიზმის ფაკულტეტი დაამთავრეთ. ალბათ პარალელურად ხელსაქმეც გეხერხებოდათ. რატომ ტურიზმი?
– სკოლის დამთავრების შემდეგ მიუხედავად დედის დაჟინებული თხოვნისა, რომ სამედიცინოზე ჩამებარებინა, გადავწყვიტე, ტურიზმის ფაკულტეტზე მესწავლა და პოპულარიზაცია გამეწია ჩვენი ქვეყნისთვის.  ზოგადად მე თვითონაც მიზიდავდა მოგზაურობა და ახალ-ახალი ადგილების შესწავლა და დათვალიერება.
იმ დროს მხოლოდ სწავლაზე ვფიქრობდი და ხელსაქმით ნაკლებად ვიყავი დაკავებული.
სწავლის დამთავრების შემდეგ დავოჯახდი. გამიჩნდა ბავშვები და არჩეული სპეციალობით მუშაობა ვეღარ გავაგრძელე. სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდა სურვილი და მოტივაცია, მეკეთებინა ხელნაკეთი ნივთები, თან ვყოფილიყავი ბავშვბეთან და არც მათთვის მომეკლო ყურადღება.
– პირველი ნამუშევრები…
– ჩემი პირველი ნამუშევარი იყო საახალწლო ბალიშები. ახლაც მახსოვს პირველი ემოცია, როცა მალევე გაიყიდა. იმდენად მიხაროდა, ფასს დიდ მნიშვნელობასაც არ ვანიჭებდი.
თქვენს ფეისბუქგვერდზე ნამუშევრებს შორის გნომები სჭარბობს…
– ნაშრომებს შორის მართლაც სჭარბობს გნომუკები. ძალიან საყვარლები და უცნაურები არიან, პირველი რომ გავაკეთე, იმდენად მომეწონა, მერე აიტაცა ხალხმა, ავტომატურად გავაგრძელე გნომების კეთება და გრძელდება დღემდეც.
როგორ მუშაობთ? გჭირდებათ თუ არა შთაგონება? რა მასალას იყენებთ?
– ვმუშაობ წყნარ და მშვიდ გარემოში, სახლში…  გეგმურად, ამ საათიდან იმ საათამდე, არ ვმუშაობ. როცა მუზა მომივა, ვაკეთებ მაშინ. უცებ შეიძლება რაღაც მომაფიქრდეს, ავდგე და დავიწყო კეთება.
მასალების ფართო არჩევანია.. უფრო ნატურალურ და ბუნებრივ მასალებს ვიყენებ, სახლებისთვის – გირჩებს, ხის ტოტებს, ქვებს მუყაოს…
გნომებისთვის – სხვადასხავა მასალის ნაჭრებს, გასაფორმებლად – თიხას, შპაკლს, გუშებს, აკრილს, ბამბას და ასე შემდეგ.
ამბობთ, რომ პანდემიამ ხელი შეუწყო თქვენს ამ საქმიანობას. კონკრეტულად რა შეიქმნა პანდემიის დროს?
– პანდემიამ იმიტომ შეუწყო ხელი, როგორც იცით, დაკეტილი იყო მაღაზიები და ხალხს რეალურად ყიდვა არ შეეძლო, ფეისბუქი და ონლაინსივრცე დამეხმარა გვერდის პოპულარიზაციაში.
პანდემიის დროს შეიქმნა თითქმის ყველაფერი, რაც გამიკეთებია.
გამოვარჩევ რამდენიმეს, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად განსაკუთრებული და ღირებულია ჩემთვის.
გნომების გარდა ვამზადებ სახლებს, გვირგვინებს, ბალიშებს, ნაძვის ხის სათამაშოებს. კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებდი, უბრალოდ საკმარისი დრო არ მაქვს, მარტოც ვმუშაობ ამ ეტაპზე.
– ჰობი…
– ჰობი… ბევრი მაქვს – მეგობრებთან ერთად ყოფნა, ჩემს ოჯახთან ერთად მოგზაურობა. ფილმის ყურება, კინოში სიარული…

–  ოჯახი როგორ გიწყობთ ხელს მუშაობაში?
–  ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ორ კვირაში ერთხელ გავდივართ ტყეში ბავშვებით, საჭირო მასალების მოსატანად.
ბავშვები როცა ეძებენ და მაჩვენებენ – „დედა, ეს გამოგადგება“, „დედა, ეს რა ლამაზია“…  იმწამსვე რომ შევხედავ, იქვე ვხვდები, იმ ტოტზე, იმ ქვაზე  რა და როგორ უნდა გავაკეთო…
უნდა აღვნიშნო – ოჯახის ხელშეწყობა რომ არა, ვერ შევძლებდი მუშაობას, ყველა ძალიან მეხმარება და მიწყობს ხელს, ვისაც როგორ შეუძლია.
სამომავლოდ ვაპირებ გაფართოებას, მინდა ავიღო რაიმე ფართი და დავასაქმო სხვებიც, რადგან ვხვდები, რომ მარტო ვეღარ ავუდივარ შეკვეთებს
– სიახლეები…
– წელს სიახლე იქნება ის, რომ შეფუთვას განვაახლებთ, გაყიდულ ნივთებს ექნება მაღაზიის გვერდის სახელი: „შეამჩნიე / Sheamchnie“. და მიხარია, რომ მართლაც ძალიან ბევრმა შეამჩნია ჩემი ნამუშევრები.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები