ელენე ხოშტარია: სააკაშვილის პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ქვეყნისთვის პრობლემაა
“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მიმაჩნია, რომ ეს აქცია მნიშვნელოვანია”, – ასე გამოეხმაურა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 14 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას.
მისივე თქმით, სააკაშვილის პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ქვეყნისთვის არის პრობლემა.
“მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ცდება მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს. მესამე პრეზიდენტის პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ზოგადად ქვეყნისთვის არის პრობლემა და არ დაიყვანება იმაზე, თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი მომხრე და ვინ – არა. მის მიმართ ჩემი კითხვები და პრეტენზიები იგივე რჩება, რაც ოდესმე მქონია. მიმაჩნია, რომ რაც ახლა ხდება, არ აქვს კავშირი არც სამართალთან და არც სასამართლო პროცესთან, ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მიმაჩნია, რომ ეს აქცია მნიშვნელოვანია”, – აცხადებს ხოშტარია.