პოლონეთში ათობით ათასმა ადამიანმა ევროკავშირიდან ქვეყნის პოტენციურად გასვლა გააპროტესტა

ვარშავაში 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც ევროკავშირიდან ქვეყნის პოტენციურად გასვლა გააპროტესტეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საპროტესტო მუხტი მოჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ვარშავასთვის ქვეყნის კონსტიტუცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიმართებით უპირატესია.

აქციები ლოზუნგით “ჩვენ ვრჩებით ევროკავშირში” დაახლოებით 160 ქალაქში გაიმართა. მათგან ყველაზე მასშტაბური იყო ვარშავის ცენტრში.

აქციაზე სიტყვით ოპოზიციური პარტიების ლიდერები გამოდიოდნენ.

როგორც “სამოქალაქო პლატფორმის” ლიდერმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, “ჩვენ კონსტიტუციას ვიცავთ, უზურპატორებისგან პოლონეთის რესპუბლიკას ვიცავთ”. მისი თქმით, ევროკავშირიდან გასვლა ნიშნავს მოქალაქეთა უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაუსჯელად დარღვევის შესაძლებლობას.

ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეხ ვალენსამ კი თქვა, რომ ” არც ერთ მტერს არ გაუყვია ერი ისე, როგორც ამას ამჟამინდელი მთავრობა აკეთებს”.

ვარშავას მოედნიდან, შეკრებილებმა მმართველი პარტიის “უფლება და სამართლიანობა”-ს შტაბ-ბინაშთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციასთან რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება, აქციის ერთი მონაწილე დააკავეს.

მრავალათასიანი აქციები გაიმართა ასევე გდანსკში, კრაკოვოსა და ვროცლავში.

7 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ევროკავშირთან შეთანხმების ზოგიერთი მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო.

სასამართლომ გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადების საფუძველზე მიიღო.

ევროკავშირის ისტორიაში პირველად, წევრი სახელმწიფოს ლიდერმა საკონსტიტუციო სასამართლოში ეჭვქვეშ დააყენა ევროკავშირის ხელშეკრულებები.

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ევროკავშირის კანონის უზენაესობისა და ევროკავშირის სასამართლოს ავტორიტეტთან მიმართებით, ასევე პირობა დადეს, რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები