“ნიკოს სტიპენდია” – ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში გარდაცვლილი არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდიას უნიშნავს

 

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში შენობის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდიას უნიშნავს.

ამის შესახებ ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ისინი სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

„მოზიარე ვართ თქვენი დიდი მწუხარების.

ყველაზე კარგად ჩვენს ოჯახს ესმის, რას გრძნობთ ახლა, რა ტკივილი გაქვთ და როგორ დათმობდით ყველაფერს, რომ თქვენი ცოლი და შვილები გადაგერჩინათ. დარწმუნებული ვართ, თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, დიდ იმედებს ამყარებდით თქვენს შვილებზე. ოცნებობდით, რომ ისინი მაინც იცხოვრებდნენ განსხვავებულ საქართველოში და საკუთარ თავზე არ გამოცდიდნენ იმ ცხოვრებისეულ სიმძიმეებს, რაც ჩვენმა თაობამ გამოცადა. ვერაფრით განუგეშებთ, რადგან ეს ტკივილი არის განუკურნებელი.

ერთადერთი, რითაც ჩვენს ოჯახს შეუძლია გამოხატოს თქვენდამი თანადგომა – „ნიკოს სტიპენდიაა”. ჩვენი გადაწყვეტილებით, თქვენი შვილები ყოველთვიურად მიიღებენ „ნიკოს სტიპენდიას”, რომლითაც იმედი გვაქვს, შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოფთ მათთვის უკეთესი განათლების მიცემის შესაძლებლობას. გვჯერა, რომ მხოლოდ განათლებულ, პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალ ადამიანებს შეუძლიათ იმ უკეთესი საქართველოს მშენებლობა, რომელშიც ასე გვინდოდა, რომ ჩვენს შვილებს ეცხოვრათ”, – წერია ნიკო კვარაცხელიას ოჯახის განცხადებაში, რომელსაც BM.ge ავრცელებს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები