საქართველოს დელეგაცია, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.
გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა – ჯოზეფ ბაიდენმა, ბრაზილიის პრეზიდენტმა და სხვა ლიდერებმა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების ძირითადი თემაა „ქვეყნების გამძლეობის გაზრდა იმედის საშუალებით, რათა მოხდეს ახალი კორონავირუსისგან ხალხის გამოჯანმრთელება, ეკონომიკის მდგრადი აღდგენა, პლანეტის საჭიროებებზე რეაგირება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსის გამოცოცხლება”.
საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 24 სექტემბერს მიმართავს. მაღალი დონის კვირეულის გახსნამდე, გაერო-ს გენერალური მდივნის სახელით, სესიაში მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებისთვის ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.