გაბუნია – ბანერებზე: სამინისტროს პოზიცია ვერ იქნება პოზიტიური იმგვარ ქმედებაზე, რომელიც აზარალებს ვაქცინაციის პროცესს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია ვერ იქნება პოზიტიური იმგვარ ქმედებაზე, რომელიც, ნებსით თუ უნებლიედ, აზარალებს ვაქცინაციის პროცესს.
ამის შესახებ მან ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ის, რომ ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს, ცალსახაა. ბოლო დღეების განმავლობაში დიდი აქცენტი გამახვილდა პოლიტიკური ბანერებით ვაქცინაციის ბანერების გადაფარვაზე. უკეთესი იქნება, მეტი აქცენტი გამახვილდეს მედიაში უშუალოდ ვაქცინაციის თემებზე.

ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია როგორ შეიძლება, იყოს პოზიტიური იმგვარ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც, ნებსით თუ უნებლიედ, აზარალებს ვაქცინაციის პროცესს. რა მოხდა, რატომ მოხდა და რამდენად დაირღვა ხელშეკრულების პირობები, ამაზე ორი მხარე იმსჯელებს, შეთანხმდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეს საკითხი უკვე წამოწეული, დაწყებული აქვს. ჯანდაცვის სამინისტრო არ არის კონტრაქტორი. ამ შემთხვევაში, საგანმანათლებლო კამპანიას ახორციელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურის ნაწილი. ცენტრმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სოციალურ მედიაში და ახლა მიმდინარე პროცესში არკვევს სახელშეკრულებო ვალდებულებებს კონტრაქტორ მხარესთან. ვფიქრობ, ეს საკითხი ამოიწურება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ბანერებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ვაქცინაციის მოწოდების მქონე ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს თუ შეესაბამება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი გმობს ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პროცესთან კავშირი არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები