ანრი ოხანაშვილი საია-ს სარჩელზე: სამართლებრივად, ამ სარჩელს პერსპექტივა არ აქვს – ეს საკითხი, ავტომატურად, პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება

„ვფიქრობ, რომ სამართლებრივად, ამ სარჩელს პერსპექტივა არ აქვს. არ არსებობს ისეთი მყარი არგუმენტები, რომლებიც იურისტს ამ სარჩელის საფუძვლიანობაში დაარწმუნებდა“, – ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომლითაც ორგანიზაცია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია სარჩელის პოლიტიკური ქვეტექსტიც და მისი მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში განხილვა არასწორია.

„ეს საკითხი, ავტომატურად, პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება. საიას ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ მათი სარჩელი გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე. გამოდის, რომ ისინი, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ მათი სარჩელი ლეგიტიმურია და ნორმა – არაკონსტიტუციური, თუმცა, ვადა არ დაიცვეს და სარჩელი ისეთ დროს არ შეიტანეს, როცა შეეძლოთ, დაესვათ კითხვის ნიშნები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებს ავითარებენ. რას ემსახურება სარჩელის ახლა შეტანა, როცა თავად ამბობენ, რომ ის ამ არჩევნებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს? რატომ არ გადაწყვიტეს ეს არჩევნების შედეგების შემდეგ? აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი, შეიძლება, გამოიყენოს რადიკალურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა. ჩვენ უნდა დაველოდოთ. ეს იქნება ტესტი. თუ არჩევნების შემდეგ, კონკრეტული რადიკალური ჯგუფები ამ საკითხს გაააქტიურებენ, გამოდის, რომ ეს ყველაფერი არის ნიადაგის შემზადება“, – აღნიშნავს ანრი ოხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები