სამეცნიერო ასპარეზზე, მიზანდასახულობითა და ნიჭიერებით – პროფესორი ქეთი ჭანტურია ევროპის აკადემიის წევრია

ევროპის აკადემია (Academia Europaea) დღესდღეობით მსოფლიო სახელის მქონე ოთხი ათასზე მეტ მეცნიერს ითვლის. მათ შორის 72 ნობელიანტია.
წლეულს აკადემიის ახალ წევრთა სიაში დიდი ბრიტანეთიდან ვიხილეთ ქეთი ჭანტურია, ლონდონის კინგს კოლეჯის (King’s College) უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც ფსიქოლოგიის დარგში მიღწეული თვალსაჩინო მიღწევებისთვის ერგო ამგვარი პატივი. ამჯერად ევროპის აკადემია საქართველოში მოღვაწე ოთხ მეცნიერს ითვლის. ამას თუ მივუმატებთ ქართული წარმოშობის კიდევ სამ სწავლულს, რომლებიც საფრანგეთის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო ცენტრებში მოღვაწეობენ, სულ შვიდი ქართველი გამოდის და მათ შორის არის ქეთი ჭანტურია. იგი გახლავთ პირველი ქართველი მეცნიერი ქალი, ვინც ამ პრესტიჟული აკადემიის წევრად აირჩიეს.
პროფესორმა ქეთი ჭანტურიამ ძალზე შთამბეჭდავი სამეცნიერო გზა გაიარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლონდონის კინგს კოლეჯის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრებში. ამჟამად იგი არის კინგს კოლეჯის კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი, ოთხი მონოგრაფიისა და ოთხი სახელმძღვანელოს ავტორი, ასევე სხვადასხვა სამეცნიერო გამოცემაში დაბეჭდილი აქვს 250-ზე მეტი პუბლიკაცია. ამასთან, იგი არის შესანიშნავი მასწავლებელი და მენტორი, რომლის ხელმძღვანელობით ათეულობით სამეცნიერო დისერტაცია არის შესრულებული.
იგი აქტიურად არის ჩართული მსოფლიოს წამყვანი კვლევითი და კლინიკური ლაბორატორიების კვლევებში – როგორც ევროპაში, ასევე ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, იაპონიაში და ახალ ზელანდიაში. იგი გახლავთ საერთაშორისო მასშტაბის მკვლევარი და კლინიცისტი, რომელიც არაერთი უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია. მათ შორის არის თბილისის ილიას უნივერსიტეტი, სადაც მასი ხელმძღვანელობით 2012 წლიდან დღემდე არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.
ქეთი ჭანტურიას ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მინიჭებული გაერთიანებული სამეფოს სამეცნიერო საზოგადოებების მიერ. წლეულს მას ბრიტანეთის ფსიქოლოგიურმა საზოგადოებამ გადასცა უაღრესად პრესტიჟული ჯილდო სახელწოდებით: „კლინიკურ პრაქტიკაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის“.
ქეთი ჭანტურია კინგს კოლეჯში სათავეში უდგას მეცნიერთა ჯგუფს, რომელთა კვლევისა და კლინიკური საქმიანობის პროფილი საკმაოდ ფართოა. მისი ბოლო წიგნი მოიცავს აუტიზმის კვლევისა და კლინიკური მენეჯმენტის საკითხებს. მისი ასპირანტებისა და ასისიტენტების დიდი ნაწილი ნეიროფსიქოლოგიის, კოგნიტურ და ემოციურ პროცესებთან დაკავშირებული ექსპერიმენტული კვლევებით არის დაკავებული. ამჯერად პროფესორი ქეთი ჭანტურია დიდი ძალისხმევას ახმარს ახალი კვლევების დაგეგმვას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი ახორციელებს ამ კვლევების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მკურნალობაში, რაც შეიძლება ოპერატიულად დანერგვას და კლინიცისტების ზედამხედველობას.
აუტიზმის გარდა, იგი კვლევებს ატარებს დღეს ბრიტანეთში, ასევე ძალზე აქტუალურ სფეროში, რასაც კვების აშლილობა ჰქვია, ეს დაავადება სხვადასხვა ფორმით იჩენს ხოლმე თავს, რომლის დროსაც იზღუდება სოციალური ურთიერთობების წრე, ქვეითდება შრომისმოყვარეობა და ენერგია, ქრება მოტივაცია. მნიშვნელოვნად უარესდება ცხოვრების ხარისხი, რაც არა მარტო პაციენტებისთვის ქმნის მძიმე სურათს, არამედ მათი ოჯახებისთვისაც განსაცდელს წარმოადგენს. ქეთი ჭანტურია კმაყოფილია საკუთარი გუნდის კვლევების შედეგების სწრაფი გადატანით ბრიტანეთის სამედიცინო პრაქტიკაში, რადგან ეს საგრძნობ შვებას აძლევს პაციენტებს. მას აწუხებს ის ფაქტი, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობს მულტიდისციპლინარული გუნდი, რომელიც დაეხმარება კვებითი აშლილობის მქონე ავადმყოფებს. აღნიშნულ გუნდში ჩართული უნდა იყოს ექიმი, დიეტოლოგი, ფსიქოლოგი, ექთანი, ოკუპაციური თერაპევტი, სოციალური მუშაკი.
ქეთი ჭანტურია რომ წონიანი და აღიარებული მეცნიერია თავის სფეროში, ეს ცხადად არის ასახული უხვ რეგალიებში, მისი პიროვნული ღირებულება კი უმალ იკვეთება საზოგადოებასთან ურთიერთობებში. ის და მისი მეუღლე სიმონ სურგულაძე, რომელიც პროფესიით ფსიქიატრია, საქართველოს და ყოველივე ქართულის ერთგულ დამფასებლად გვევლინებიან ლონდონში. არ მახსოვს, რომ აქ გამართულიყო რომელიმე ქართველი მხატვრის, მუსიკოსის, მწერლის, რეჟისორისა თუ მსახიობის მონაწილეობით რაიმე კულტურული მოვლენა, რომელსაც არ დასწრებოდა ეს არაჩვეულებრივი წყვილი. ისინი მუდამ მონაწილეობენ საქველმოქმედო საქმიანობაში, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში გამართულა საქართველოს დასახმარებლად ლონდონში. ჩემს თვალში ისინი წარმოადგენენ საუკეთესო და მისაბაძ ქართველებს, რომლებმაც თავიაანთი საარაკო შრომისმოყვარეობითა და ნებისყოფით შეძლეს ადაპტირება სრულიად ახალ გარემოში. ის პროგრესი კი, რომელიც მათ პროფესიული კარიერის მხრივ განიცადეს, უმალ გმირობად უნდა შეფასდეს. მათი ცხოვრების კიდევ უფრო საამაყო მიღწევა კი შესანიშნავი შვილებია. ორივე მათგანმა უკვე აირჩია სასურველი პროფესია და მჯერა, მათი წარმატებებიც არ დააყოვნებს.
გულითადად ვულოცავ ქალბატონ ქეთი ჭანტურიას ევროპული აკადემიის წევრად არჩევას. მისი მიზანდასახულობისა და ნიჭიერების მქონე პიროვნებისთვის ეს არის სამეცნიერო ასპარეზის კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობა, რომლის კეთილი ნაყოფი ასე სჭირდება პრაქტიკულ მედიცინას.

                                            გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები