„შთაგონების წყაროს ჩემი ემოციური და მგრძნობიარე ხასიათიც განსაზღვრავს“ – ციფრული ნახატები, ეპოქსიდი და თავისუფლება ჩარჩოების გარეშე…

დიზაინერობაზე ოცნებობდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში მოუხდა ჩაბარება. ხელოვნებზე ფიქრი კი არ შეუწყვეტია. ერთხელაც მობილური აპლიკაციის მეშვეობით ციფრული ილუსტრაციების ხატვა დაიწყო… მას მერე არ გაჩერებულა.
თვითნასწავლი ხელოვანი უკვე 5 თვეა ეპოქსიდით ქმნის სამკაულებს – ჯვრებს, გულსაკიდებს… სამკაულების დამზადებით სწორედ პამდემიის პერიოდში დაინტერესდა.
ამბობს, რომ თითოეული ნივთის შექმნას დიდ დროსა და ენერგიას ანდომებს და სურვილი აქვს,  ეს საქმე მომავალ პროფესიად აქციოს. – თვითნასწავლი ხელოვანის, ლელა საძაგლიშვილის პერსონა.

– ხატვა ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე, თავიდან გაუცნობიერებლად ვხატავდი პატარა ჩანახატებს, პორტრეტებს… სკოლის ასაკში ძირითადად ტანისამოსის ხატვა მომწონდა, მინდოდა დიზაინერი გავმხდარიყავი. მაგრამ მოხდა, ისე, რომ მშობლების დაჟინებული მოთხოვნით სამხატვრო აკადემიის მაგივრად ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში, რამაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, მქონდა დიდი დეპრესია, რადგან შინაგანად ყოველთვის  ხელოვნებისადმი ვიყავი  მიდრეკილი და ეს გარემო ჩემთვის აუტანელი გახდა…
ვფიქრობ, ამ წლებმა და შინაგანმა პროტესტმა განაპირობა კიდევ უფრო დიდი სიყვარული ხატვისადმი.
გაქვთ თქვენი გვერდი: Apis Art. მობილურის აპლიკაციაში დახატული ციფრული ნახატები გადმოსცემს თქვენს განწყობას, ემოციას, დამოკიდებულებას გარესამყაროსთან… რომელ ნახატებს გამოარჩევდით ამ სერიიდან?
– სტუდენტობის პერიოდში მომიწია ხატვასთან ჩამოშორება, დროის, მასალების არქონის და სხვა წვრილმანი მიზეზების გამო… ერთ დღეს ტელეფონში შემთხვევით აღმოვაჩინე მობილური აპლიკაცია – ანიმატორი, რისი მეშვეობითაც დავიწყე ციფრული ილუსტრაციების შექმნა და აღარ გავჩერებულვარ. ვხატავდი ყველგან, სადაც კი თავისუფალი დრო ჩამივარდებოდა, სამსახურშიც კი.
– „ვინც წაიქცა და წამოდგა, ის ყოველთვის ძლიერია იმაზე, ვინც არასდროს წაქცეულა“… – გამოვარჩევდი ამ პორტრეტს. პორტრეტების საინტერესო სერიას ქმნით… გჭირდებათ თუ არა ამ დროს შთაგონება?
– ჩემი შთაგონება ყოველდღიური ცხოვრებაა, გარემო, ადამიანები… ვფიქრობ, შთაგონების წყაროს ჩემი ემოციური და მგრძნობიარე ხასიათიც განსაზღვრავს, განსხვავებული აღქმა სამყაროსი და ადამიანების. მიყვარს შემოქმედებითი იდეები, ყველაფრის „ამოტრიალება“ და ჩემებურად გადაკეთება. მთავარია, ზუსტად მივიტანო ადამიანებამდე ის შიშველი ემოცია, რაც ხატვის დროს მეუფლება.
– თვითნასწავლი ხელოვანი ხართ. 5 თვეა ეპოქსიდით ქმნით ნამუშევრებს. ცოცხალი ყვავილებით შექმნილი სამკაულები, ჯვრები, გულსაბნევები… ორიგინალობით და ფერების ჰარმონიით გამოირჩევა…
– სამკაულები კეთების იდეა სრულიად შემთხვევით გამიჩნდა, მიყვარს მუდმივი სიახლეები და საკუთარი თავის სხვადასხვა კუთხით აღმოჩენა. სწორედ ამაში დამეხმარა ამ ნამუშევრების შექმნა. ვფიქრობ, როდესაც თვითნასწავლი ხარ, უფრო თავისუფალი საზღვრები გაქვს და მეტად შენებურს ქმნი. არ გაშინებს ჩარჩოები.
ჩემი კრეატიული ხედვა სამკაულებში გადავიტანე, თითოეული ნივთი და დეტალი სპონტანურად გაჩენილი იდეის შედეგია, რომელიც საოცრად დიდ ენერგიას მაძლევს. მინდა ეს საქმე ჩემს მომავალ პროფესიად ვაქციო.
– როგორი გავლენა მოახდინა პანდემიამ თქვენზე? რამდენად ნაყოფიერი იყო ეს პერიოდი?
– სამკაულების შექმნის იდეა პანდემიის დროს დაიბადა. სახლში ყოფნის პერიოდი სწორედ მუშაობის პროცესმა გადამატანინა. მაქსიმალისტი ვარ და ყველაფრის იდეალურ დონემდე მიყვანა მიყვარს. ამიტომ თითოეული ნივთის შექმნას საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას ვანდომებ. ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდი აღმოჩნდა ჩემთვის.
– ჰობი…

ერთერთი ფოტო გახდა წიგნის ყდის დიზაინი

– ხატვის და სამკაულების შექმნის გარდა, საოცრად მიზიდავს ფოტოგრაფია. ვფიქრობ, ოდესმე ამ კუთხითაც შევძლებ  საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოხატვას.
– ოჯახი… რამდენად გეხმარებათ თქვენს საქმიანობაში?
– ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ვფიქრობ, ჩემი შვილია, 11 წლის სალომე უდიდეს ენერგიას და სტიმულს მაძლევს. სალიც ხატავს და მინიატურული ნივთების კეთება მოსწონს, ხშირად ახერხებს ჩემს გაოცებას.

სალომესთან ერთად

– სამომავლოდ…
– სამომავლოდ უდიდესი სურვილი მაქვს, ჩემი ხელნაკეთი სამკაულები და, ზოგადად, ჩემი შემოქმედება, უფრო ფართო მასშტაბით გავაცნო საზოგადოებას, და თუ მომეცემა შესაძლებლობა, პერსონალური გამოფენა გავმართო.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები