დღეიდან, პირბადის ტარება ღია სივრცეში, სადაც ხუთი და მეტი ადამიანი იკრიბება, სავალდებულო ხდება
პირბადის ტარება დღეიდან სავალდებულოა ღია სივრცეშიც, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო პერიოდში ეპიდვითარების გაუარესება გახდა.
„მოგეხსენებათ, პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილებზე, გაჩერებებზე, ბაზრობებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც ხუთი და მეტი ადამიანი იკრიბება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.