არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე: მერამდენედ აანონსებენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუ შეუძლიათ, შექმნან და აჩვენონ საზოგადოებას, რომ საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა შეუძლიათ

“უკვე მერამდენედ აანონსებენ სხვადასხვა კომისიის შექმნას. ბოლოსდაბოლოს, თუ შეუძლიათ, შექმნან კომისია და აჩვენონ საზოგადოებას, რომ საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა შეუძლიათ”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან 5 -6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ოპოზიციის ინიციატივას.

მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტისთვის მნიშვნელოვანია ის საგამოძიებო პროცესი, რომელსაც სამართალდამცავი სტრუქტურები აწარმოებენ.

„ხელისუფლება არ დაელოდა რაიმე კომისიის შექმნას პარლამენტში, ხელისუფლება მოქმედებდა მყისიერად იმ პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომელიც აქვს შესაბამის სტრუქტურებს, რომ გამოეძიებინათ ძალადობის ფაქტები. შემდგომში ოპოზიციამ დააყენა კომისიის შექმნის საკითხი, მათ აქვთ საკმარისი ხმები პარლამენტში. უკვე მერამდენედ აანონსებენ სხვადასხვა კომისიის შექმნას და ბოლოსდაბოლოს თუ შეუძლიათ, შექმნან ასეთი კომისია და აჩვენონ საზოგადოებას, რომ საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა შეუძლიათ და არ ხედავენ პარლამენტს როგორც ქუჩის პროცესებს, რასაც მიჩვეულნი არიან. ამაზე პარლამენტი იმსჯელებს და ვნახოთ, ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ის საგამოძიებო პროცესი, რომელსაც სამართალდამცავი სტრუქტურები აწარმოებენ და აღმასრულებელ ხელისუფლებას და სამართალდამცავ სტრუქტურებს აქვთ სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა პარლამენტიდან, რომ კონკრეტული პირების ბრალეულობა დადგინდეს და პასუხისგებაში მიეცნენ ისინი, ვინც დაარღვია კანონი”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები