ბიძინა კულუმბეგოვი: ალერგიული რეაქციების კასკადი, რომელსაც ვაქცინის ჩანაცვლებითი დოზირება სჭირდება, საქართველოში ძალიან ცოტაა, ასეთი სულ 2-3 ადამიანია

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ვაქცინის ჩანაცვლება მეორე დოზაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პირველ დოზაზე პაციენტს მწვავე სისტემური ალერგიული რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდება.

„ალერგიული რეაქციების კასკადი, რომელსაც ჩანაცვლებითი დოზირება სჭირდება ძალიან ცოტაა, ასეთი არის სულ 2-3 ადამიანი. გვერდითი მოვლენების რაოდენობა ძალიან ცოტაა და მინიმალური. რაც შეეხება გადაწყვეტილებას როგორ ვიღებთ ვაქცინების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, ამას იხილავს იშგამის კომიტეტი, სადაც შედის ბევრი დარგობრივი ექიმი, მათ შორის ალერგოლოგები. ერთ-ერთი წევრი მეც გახლავართ ამ კომიტეტის.

თუ პირველი რეაქცია ხორციელდება, არ აქვს მნიშვნელობა ან RNM ვაქცინაზე, ან ვექტორულ ვაქცინაზე, ან ინაქტივირებულ ვაქცინაზე, იგივე სახეობის ვაქცინა მეორე დოზად ვერ გამოიყენება. ალტერნატივა ყოველთვის არის სხვა ჯგუფის ვაქცინა. მაგალითად თუ რეაქცია არის “ფაიზერზე” შეგვიძლია შევთავაზოთ ინაქტივირებული ვაქცინა, ან “ასტრაზენეკა”. თუ არის ინაქტივირებულ ვაქცინაზე, შეგვიძლია თავისუფლად შევთავაზოთ “ასტრაზენეკა” ან “ფაიზერი”.

საუბარია მხოლოდ მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარებაზე – ანაფილაქსიურ შოკზე, სხვა შემთხვევაში არ ნაცვლდება. ჩვენთან არ დაფიქსირებულა საბედნიეროდ, მაგრამ თუ მოხდა თრომბოემბოლიური გართულება „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე, აქაც ვერ მოხდება იგივე დოზის ადმინისტრირება და განიხილება ალტერნატიული დოზა. თრომბოემბოლიური მოვლენა არ დაფიქსირებულა, ალერგიაზე იყო 2-3 შემთხვევა, რომელზეც საბოლოო დასკვნას დოკუმენტურად გავაფორმებთ და ამ პაციენტებს, მკურნალ ექიმს და დაწესებულებებს უშუალოდ გადავუგზავნით“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები