კარლსტენის ციხესიმაგრის სამარტოო საკანი – ადგილი, სადაც პატიმრები ჭკუიდან იშლებოდნენ

ერთხელ შვედებმა სადღაც ამოიკითხეს, რომ ამერიკაში პატიმრების გამოსასწორებელი ახალი მეთოდი გამოიგონეს – ჩასვან იგი ერთკაციან საკანში, რათა სხვა პატიმრებმა არ მოაქციონ გავლენის ქვეშ. მათი ვარაუდით, მარტოობისას დამნაშავეს ექნება საშუალება, დაფიქრდეს საკუთარ საქციელზე და მოინანიოს. შვედებს ეს იდეა მოეწონათ და ექსპერიმენტისთვის კარლსტენის ციხესიმაგრეში სამი ასეთი საკანი გააკეთეს.

იქ შესვლა ზედამხედველებსაც ეკრძალებოდათ. რაც მთავარია, აკრძალული იყო პატიმრებთან ურთიერთობა. ექსპერიმენტი თავდაპირველად ხუთი წლით განსაზღვრეს, მაგრამ რაღაც ისე არ გამოვიდა. პირველი ორი პატიმარი მოწყენილობისგან და მარტოობისგან გარდაიცვალა, მესამე პატიმარი კი გადარჩა, მაგრამ შეიშალა. როდესაც ის კამერიდან გამოიყვანეს, ერთადერთი, რაც იქ დარჩა, სარკმლის ქვეშ ფრჩხილებით ამოკაწრული ფიგურები იყო…

საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ ვიკინგების დროს შვედები იძულებულები გახდნენ შეგუებოდნენ, რომ ბალტიის ზღვაში გასასვლელი არ ჰქონდათ. თუკი მათ სადმე შორს უნდოდათ გაცურვა, დანიელებისთვის უნდა ეთხოვათ ნებართვა. ზუსტად ისინი აკონტროლებდნენ ბალტიის ზღვის სრუტეებს და ამჟამინდელი დასავლეთ შვედეთის სანაპიროებს.

შვედებს მხოლოდ ერთი პატარა „სარკმელი“ ჰქონდათ, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაზე გადიოდა და ისინი ამ „სარკმლის“ გადიდებას მუდამ ცდილობდნენ. XVII საუკუნეში შვედებმა ბოჰუსლენის პროვინციის დაპყრობა შეძლეს და მიიღეს მსოფლიო სავაჭრო ქსელზე გასასვლელი. მთავარი პორტი გოტენბერგი გახდა. იმისთვის, რომ გაემაგრებინათ პოზიციები, მათ სასწრაფო წესით დაიწყეს ციხესიმაგრეების აგება. მთავარი ციხესიმაგრე მეთევზეთა სოფელ მარსტრანდში ააგეს, რომელმაც კარლსტენის ციხესიმაგრის წოდება მიიღო.

ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, ვინაიდან გარშემო გამუდმებული ომი იყო გაჩაღებული, ამიტომ სამშენებლო მასალასთან დაკავშირებით, პრობლემები იქმნებოდა. აქედან გამომდინარე, შვედებმა გადაწყვიტეს, სხვა ციხესიმაგრეები დაეშალათ და მასალა კარსლსტენში გაეგზავნათ.

საქმე იმან გაართულა, რომ ბატონყმობა შვედებისთვის მაინც და მაინც მისაღები არ აღმოჩნდა. ყოველთვის, როცა შვედ გლეხს ეტყოდნენ, აი, თქვენი ბატონი და თქვენს მაგივრად ის იფიქრებსო, იგი მაშინვე აკითხავდა სარდაფში შენახულ ნაჯახს, რომლითაც ჯერ კიდევ მისი დიდი ბაბუა იბრძოდა. ბატონყმობის მიუღებლობის საკითხიც თავისთავად გვარდებოდა…

ასე რომ, შვედებმა მშენებლობის საკითხი სხვაგვარად გადაწყვიტეს და მათ ციხესიმაგრეზე პატიმრები გააგზავნეს. ზუსტად მათ ააშენეს ყველაზე დიდი და მდგრადი ციხესიმაგრე ჩრდილოეთ ევროპაში საკუთარი მეფისთვის და ამასთან ერთად, ყველაზე სანდო საპატიმროც თავიანთთვის.

გასაქცევი აქ მართლაც არსადაა. ციხესიმაგრე კუნძულზე დგას.

ორასი წლის განმავლობაში, შვედების ცხოვრებაში არაფერი იყო იმაზე საშიში, ვიდრე ამ ციხეში მოხვედრა. პატიმრებისთვის აქ სასტიკი პირობები იყო, ზამთარს მათი ნახევარი თუ გადაურჩებოდა… გადარჩენილების ბედიც არ იყო მაინც და მაინც სახარბიელო. განლაგებიდან და კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამინდის მიუხედავად, ციხესიმაგრეში მუდამ ცივი ქარი უბერავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები