ნიდერლანდებში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ყველაზე მეტად სტიქიამ დააზარალა სამხრეთ-აღმოსავლეთის პროვინცია – ლიმბურგი, რომელიც გერმანიას ესაზღვრება.
აღინიშნება, რომ მდინარე მაასში წყლის დონის მატება გრძელდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის 1993 და 1995 წლების მაჩვენებელზე დიდი იქნება. მაშინ წყალდიდობამ ლიმბურგის დიდი ნაწილი დატბორა.
რეგიონში წყლის მატების პიკი ერთ დღეშია მოსალოდნელი.
ქალაქ ვალკენბურგში ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქსელის ოპერატორმა უკვე განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას მხოლოდ წყლის დონის შემცირების შემდეგ შეძლებს.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ ქალაქში პატარა ხიდი ჩამოინგრა; მოხუცთა თავშესაფრიდან 140 ადამიანია ევაკუირებული.
მოსახლეობის დასახმარებლად სამხედროებია გამოყვანილი.
“წითელმა ჯვარმა” მაასტრიხტში 200 საწოლი მიიტანა მათთვის, ვინც თავშესაფარს საჭიროებს.
აღსანიშნავია, რომ სტიქიურ უბედურებას ებრძვიან ასევე გერმანიაში, სადაც უკვე 20 ადამიანია დაღუპული და ათობით დაკარგული; ასევე, გერმანიის მოსაზღვრე ბელგიის რაიონებში, სადაც 6 დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.