სიკვდილით დასჯის შემზარავი მეთოდი – შუა საუკუნეების პარიზის კოშმარი

ძნელი ამოსაცნობი არ არის, რომ სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით ყველა დროში ყველაზე პოპულარულ საშუალებად ითვლებოდა. სწრაფი და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი საშუალებაა – ადამიანის სხეულის ჩამოკიდება შესაძლებელია ნებისმიერ შემაღლებულ საგანსა თუ კონსტრუქციაზე, რომელსაც ადამიანის სხეულის სიმძიმის გაძლება შეუძლია.

შუა საუკუნეებში, როდესაც ადამიანს ნებისმიერი დანაშაულისთვის ჩამოხრჩობა ელოდა, საჭირო გახდა რაიმე განსაკუთრებით გამძლე, ტევადი და თანაც, მასობრივი სანახაობისთვის გამოსადეგი, ვიდრე ხის ტოტი იქნებოდა. ასე გაჩნდა პარიზის მონფოკონი – ყველაზე დიდი და საშინელი სახრჩობელა კაცობრიობის ისტორიაში.

ამ გამოგონების სრული სახელია – Gibet de Montfaucon. სახრჩობელას საკუთარი სახელი გააჩნდა, რომელიც შედგებოდა სიტყვებისგან და მის მდებარეობაზე მიუთითებდა (mount — მთა) და მიწის მფლობელზე (გრაფი -Faucon), რომელმაც სიამოვნებით მისცა სამეფოს მიწა აღნიშნული კონსტრუქციის განთავსებისთვის.

არავინ იცის ზუსტი თარიღი, თუ როდის გაჩნდა პარიზის ჩრდილო-დასავლეთით ეს საზარელი კოლონები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მონფოკონი XIII  საუკუნეში, მეფე ფილიპ IV-ის ბრძანებით აიგო. მეფე ყველას ჩამოხრჩობით უმკლავდებოდა – მტრებს, დამნაშავეებს, დამოუმორჩილებელ ხელქვეითებს და უბრალოდ, გზააბნეულებსაც.

უბრალო ხალხის ჩამოხრჩობის ძირითადი ადგილი იმ დროისთვის გრევის მოედანი იყო, რომელიც სენას პორტთან მდებარეობს. მოედანი დიდ დატვირთვას ვერ უმკლავდებოდა და ვინაიდან შუა საუკუნეებში სიკვდილით დასჯილებს სახრჩობელადან მალევე არ ხსნიდნენ, მოკლულთა გვამების სუნი მთელ სავაჭრო უბანზე ვრცელდებოდა. მონფოკონმა ეს მოედანი განტვირთა და ამავდროულად, ხელისუფლებას გვამების მოშორების ტვირთიც მოუხსნა, ვინაიდან იმ დროის კანონების მიხედვით, ცხედრის ახლობლებისთვის მიცემა ან ქრისტიანული წესით დაკრძალვა აკრძალული იყო.

ასე გაჩნდა „სიკვდილის კომბინატი“ Gibet de Montfaucon, რომელის კონსტრუქტორიც და კურატორიც მეფის მრჩეველი ანგერან დე მარინი იყო.

მონფოკონი სამსართულიან შენობას ჰგავს, ტიხრების და ფანჯრების გარეშე, რომელთა ნაცვლადაც სიკვდილმისჯილები ეკიდნენ. ცენტრალურ ნაწილში განთავსებული იყო კიბე, სართულებს შორის გადასაადგილებლად. მის ძირში გათხრილი იყო ჭა გვამების უტილიზაციისთვის. მას შემდეგ, რაც გვამი ჩამოკიდებულ მდგომარეობაში გარკვეულ ხანს გასტანდა, მას ჩამოხსნიდნენ და ჭაში აგდებდნენ. ჭა დროდადრო ძვლებით ივსებოდა, ამიტომ მისი დაცლა უწევდათ.

ზუსტად ეს ჭა გახადა ვიქტორ ჰიუგომ კვაზიმოდოსა და ესმერალდას დამშვიდობების ადგილი.

აღნიშნული სახრჩობელა 4 საუკუნის მანძილზე ემსახურებოდა მეფეებს. ბოლო სიკვდილით დასჯა Gibet de Montfaucon-ზე 1629 წელს შედგა. მაშინ მისგან უკვე ნანგრევები იყო დარჩენილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები