ბელგიის დედაქალაქში უკვე 46-ე დღეა, შიმშილობის მასობრივი აქცია მიმდინარეობს, რომელშიც 200 მიგრანტი მონაწილეობს.
ბეგინაჟის ეკლესიაში მოშიმშილე 200 მიგრანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, – წერს გამოცემა Demorgen-ი.
მათი ნაწილი მოხალისეებს საავადმყოფოში გადაჰყავთ, თუმცა, მთავრობა დათმობაზე არ მიდის.
მოშიმშილეები მთავრობის ყურადღების მიპყრობას ცდილობენ პრობლემაზე, რომელიც წლებია, არ გვარდება.
კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ბელგიაში წლობით ცხოვრობენ, ისინი კვლავ მიგრანტების სტატუსს ატარებენ, შესაბამისად, მათ ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა არ აქვთ, ასევე, სახელმწიფოს მხარდაჭერას ვერ იღებენ.
მანამდე, გაერო-ს მომხსენებელმა ბელგიის მთავრობა გააკრიტიკა და თქვა, რომ ”ამ ხალხის შრომის ექსპლუატაციას არაკეთილსინდისიერი ბელგიელი დამსაქმებლები ახორციელებენ. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ეს პრობლემა გადაჭრას”.
ბელგიაში 150 ათასი მიგრანტი ცხოვრობს.