ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შესვლა შეეძლება საქართველოდან მიმავალ პირს, რომელიც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს წარადგენს
ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო ტურისტული მიზნით ნიდერლანდებში შესვლასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, პირველი ივლისიდან ნიდერლანდებში შესვლა სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
„გაცნობებთ, რომ პირველი ივლისიდან ნიდერლანდების მთავრობამ გააუქმა ქვეყანაში (ტურისტული მიზნით) შესვლის აკრძალვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წარადგენენ სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს/ცნობას, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მიერ გაცემულ სერთიფიკატსაც/ცნობასაც. ასეთი სერთიფიკატის/ცნობის მქონე პირი ნიდერლანდებში ვერ შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი მიემგზავრება ძალიან მაღალი რისკის (წითელი კოდი) ქვეყნიდან.
რადგან საქართველო ამ ეტაპზე არის მაღალი (და არა – ძალიან მაღალი) რისკის (ნარინჯისფერი კოდი) ქვეყანა, ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შესვლა შეეძლება საქართველოდან მიმავალ პირს, რომელიც წარადგენს სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტთიფიკატს/ცნობას, და რომელიც უნდა შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
პირის სრული სახელი; ვირუსი: SARS-CoV-2 ან მისი ნებისმიერი ვარიაცია; ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია მედიკამენტის ევროპული სააგენტოს (EMA) ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.(ნიდერლანდების მთავრობის ინფორმაციით, ასეთ ვაქცინებში იგულისხმება შემდეგი ვაქცინები: Pfizer/BioNTech (Comirnaty), Astra Zeneca EU (Vaxzevria), Johnson & Johnson ((COVID-19 Vaccine) Janssen), Moderna (Spikevax), Astra Zeneca-SK Bio (Vaxzevria), Serum Institute of India (Covishield), Sinopharm BIBP, Sinovac);
ვაქცინის მწარმოებელი; თითოეული დოზის გაკეთების თარიღი; ქვეყანა (მათ შორის ევროკავშირის არაწევრიც), სადაც გაკეთდა ვაქცინა; ცნობის/სერთიფიკატის გამცემი; ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, პორტუგალიური, იტალიური ან ესპანური; ცნობის/სერთიფიკატის გამცემის ხელმოწერა ან ბეჭედი;
ამასთან, სრულად ვაქცინირებულად ითვლება პირი, რომელმაც გაიკეთა იმ ვაქცინის ორი დოზა, რომელიც მოითხოვს ორ დოზას; გაიკეთა იმ ვაქცინის ერთი დოზა, რომელიც მოითხოვს ერთ დოზას ან მას შემდეგ, რაც დაინფიცირდა SARS-CoV-2-ით, გაიკეთა იმ ვაქცინის ერთი დოზა, რომელიც მოითხოვს ორ დოზას;
ასევე, სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის/ცნობის წარდგენის შემთხვევაში, საჭირო აღარ არის „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ინფორმაციაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და შეიცვალოს ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შესვლის რეგულაციები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.