დავით ზალკალიანმა და თეა წულუკიანმა ლევილის ქართული მამულის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასასრულის აღსანიშნავ ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, კულტურის, სპორტისა და ახალგარზდობის მინისტრმა თეა წულუკაინმა, ქ. ლევილის მერთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ლევილის ქართული მამულის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასასრულის აღსანიშნავ ცერემონიაში, რომლის ფარგლებშიც საზეიმოდ გაიხსნა პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული ე.წ. “ორანჟერიის შენობა”.
საზეიმო ღონისძიებას ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს საელჩოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ისტორიული მამულის მნიშვნელობას როგორც ქართული იდენტობის, ასევე ევროპაში საქართველოს შემდგომი პოპულარიზაციისთვის.
“2016 წელს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემით, აღსრულდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა სურვილი და ანდერძი – ლევილის მამული დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს გადაცემოდა. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქართული ემიგრაციის უდიდეს პატრიოტიზმს და თავდადებას საქართველოს მიმართ. მამულის გადმოცემის შემდეგ, მთავარი საზრუნავი მისი ისტორიული როლის და დანიშნულების გააზრება იყო, რაც აისახა ქართული კულტურის კერის შექმნის იდეაში, რომელიც შეინარჩუნებდა მის ისტორიულ მნიშვნელობას და ამავდროულად, შეიძენდა ახალ, მომავალზე ორიენტირებულ დანიშნულებას”- განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, მამულში ქართველი და ფრანგი ექსპერტების ჩართულობით დიდი მოცულობის სამუშაოები, როგორც ტექნიკური, ასევე ორგანიზაციული ხასიათის, განხორციელდა, ხოლო პროექტის ძირითადი – შატოს რეაბილიტაციის და ახალი მშენებლობების ნაწილი – მეორე ეტაპი, უახლოეს მომავალში დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მამულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპს სათავეში კულტურის, სპორტისა და ახლაგაზრდობის სამინისტრო ჩაუდგება. გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ პროექტის მომდევნო ეტაპი – ე.წ. მეორე ფაზა – ძირითადად, კულტურული კომპონენტებისაგან შედგება, რაც აუცილებელს ხდის მის წარმართვას კულტურის სამინისტროს მიერ. დავით ზალკალიანმა ლევილის მამულის რებილიტაციის სამომავლო საქმეში კოლეგას – კულტურის, სპორტისა და ახლაგარზდობის მინისტრს, თეა წულუკიანს წარმატება უსურვა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს.
“მსურს მადლობა გადავუხადო ფრანგულ მხარეს, რომელმაც თავის დროზე ღირსეული თავშესაფარი მისცა ჩვენს პოლიტიკურ ემიგრაციას და ამჟამადაც არ იშურებს ძალისხმევას ლევილის მამულის განსავითარებლად. მადლობა მინდა ვუთხრა ლევილის მერს ბატონ ერიკ ბრევს იმ თანადგომისთვის, დახმარებისთვის, ყურადღებისთვის, რომელსაც ის მუდმივად იჩენს ლევილის მამულის მიმართ”-განაცხადა მინისტრმა.
მან ლევილის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მრავალი წლის მანძილზე, საფრანგეთის ქართული პოლიტიკური ემიგრაციის სავანეს სწორედ ლევილის წარმოადგენდა. “ლევილის მამული აღმოჩნდა ის პატარა საქართველო, სადაც ქართულმა ემიგრაციამ მოახერხა, შეენარჩუნებინა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მისწრაფებები და იდეალები, რომელთა განხორციელებაც, პირველმა რესპუბლიკამ – მიუხედავად არსებობის მცირე ხნისა – ასე შთამბეჭდავად შეძლო.
საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სათავე დაუდო სრულიად ახალი ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და დასავლური, ცივილიზებული განვითარების გზის არჩევით, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას მტკიცე საფუძველი ჩაუყარა. მისი მემკვიდრეობა დღევანდელი ქართული სახელმწიფოსათვის ფასდაუდებელი გამოცდილება და სიამაყის საგანია, “- განაცხადა მინისტრმა.
ლევილის მამულში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პოექტირება-განხორციელება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით 2017 წლიდან მიმდინარეობდა. პირველი და საკმაოდ მოცულობითი სამუშაოა პროექტირება და პროექტის დამტკიცება.
ამ ეტაპზე დასრულდა სამუშაოების პირველი ნაწილი, ე.წ. „ორანჟერიის პროექტი”, რის შედეგადაც, ორანჟერიის ტერიტორიაზე კეთილმოეწყო 150 კვ. მეტრის ფართი, მოპირკეთდა ეზო, მისასვლელი და მისი მიმდებარე ტერიტორია.