ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას“ – პატრიარქი და გენერალი ჩაჩიბაია სამოქალაქო ფორმით შევიდნენ ცხინვალში და გამოიყვანეს თქვენს მიერ ჩატოვებული ცხედრები, თქვენ სადღაც იყავით გაქცეულები
ახლა რომ ვითომ გული შეგტკივათ, როგორ ექცეოდით, როგორ მდგომარეობაში გყავდათ სამხედროები, შიშის და ზეწოლის ქვეშ, გნებავთ ჩვენი ოფიცრები, პოლიციელები და ყველა, ქალბატონი ეკა ხერხეულიძე რომ მეკითხებოდა, ვითომ სამხედროების მდგომარეობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატების მიერ ემ თემაზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ თემებზე მოსახლეობას ინფორმაცია არ ჰქონდა, რადგან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამაზე არ საუბრობდნენ.
„მიატოვეთ ჩვენი სამხედროები და მათი პატიოსანი ცხედრები, უმძიმეს პირობებში, რომ არა ჩვენი ხელისუფლება, ჯერ ერთი არც ერთ ადამიანს, არც ერთ მოქალაქეს არ ჰქონდა ინფორმაცია ამის თაობაზე, რადგან მოგეხსენებათ, მაშინ როგორი მედია იყო. თქვენ ამაზე მიპასუხეთ, 20 კაცი რომ ჩატოვეთ 2008 წლის შემდეგ 2012 წლამდე თქვენ იყავით ხელისუფლებაში, რატომ არ საუბრობდით ამაზე სადმე, გისაუბრიათ? მე რომ ვარ ხელისუფლებაში, 2013 წლიდან დავიხსენი თქვენს მიერ ჩატოვებული ოფიცრები. სხვათა შორის, გენერალი ჩაჩიბაია, სამოქალაქო ფორმით იყო შესული პატრიარქთან ერთად და სწორედ მისი და პატრიარქის ჩართულობით, გამოიყვანეს ცხედრები. თქვენ სადღაც იყავით გაქცეულები. პატრიარქი შევიდა ცხინვალში, საპატრიარქოს წარმომადგენლები შევიდნენ, ჩაჩიბაია, როგორც პატრიარქთან დაახლოებული და ნდობით აღჭურვილი პირი, ამ ეგიდით შევიდა. აგერ არის გენერალი, ჰკითხეთ და გაგცემთ პასუხს“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.