თეა წულუკიანმა იაპონიის ელჩთან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შეხვედრა გამართა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იმამურა აკირასთან.
მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო 2021 წელს ტოკიოში დაგეგმილ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს.
აღინიშნა, რომ ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაცია წარმომადგენლობითი იქნება, ვინაიდან ოლიმპიადის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო დახურვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრებიან.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები. კერძოდ, ტოკიოში დაგეგმილია ქართული კინოს ფესტივალის გამართვა. ასევე, განიხილება 2022 წელს იაპონიაში ქართული კულტურის დღეების, ხოლო საქართველოში – იაპონური კულტურის დღეების ჩატარების საკითხი.