ივანე ჩხაიძე: ვაქცინის მესამე დოზა მოგვცემს რწმენას, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მყარი და ხანგრძლივი იმუნიტეტი
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ბუსტერ-დოზა ადამიანს ხანგრძლივი და მყარი იმუნიტეტის გამომუშავებაში დაეხმარება.
მისივე თქმით, Pfizer-ის ვაქცინა დღეს უპირობო ლიდერია მსოფლიო ბაზარზე.
“ჯერჯერობით, მხოლოდ ორმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ბუსტერ-დოზა არის საჭირო. ეს არის Pfizer-ი და ზოგიერთ ქვეყანაში მიიღეს გადაწყვეტილება Sinopharm-ის ბუსტერ-დოზასთან დაკავშირებით. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ, პირიქით, ეს არის ძალიან კარგი იმიტომ, რომ მესამე, ბუსტერული, გამაძლიერებელი დოზა იმის გარანტიაა, რომ კიდევ უფრო მეტი იმუნური პასუხი იქნება ორგანიზმიდან, კიდევ უფრო მეტი ანტისხეული გამომუშავდება. ამაში აბსოლუტურად არ უნდა განვიხილოთ როგორც ვაქცინის ეფექტურობის ან მისი ხარისხის შეფასების კრიტერიუმი, რადგან მესამე დოზა დაჭირდა, ვაქცინა სუსტია ან არაეფექტური. Pfizer-ი იყო პირველი კომპანია, რომელმაც გამოაცხადა მეორე დოზიდან 6-12 ინტერვალში მესამე დოზის აუცილებლობა. Pfizer-ის ვაქცინა დღეს უპირობო ლიდერია მსოფლიო ბაზარზე, ამიტომ, ეს არ უნდა განვიხილოთ, როგორც პრობლემური. პირიქით, მესამე დოზა მოგვცემს რწმენას, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მყარი და ხანგრძლივი იმუნიტეტი”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.