ლაშა შავდათუაშვილი საქართველოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა

საქართველოს ძიუდიოსტთა ნაკრების წევრი, ლაშა შავდათუაშვილი უნგრეთიდან მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლით დაბრუნდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პლანეტის პირველობის ტრიუმფატორს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – სოსო გიორგაძე, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი დოლაბერიძე, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა. ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე, -73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა 6 მეტოქე დაამარცხა. ფინალში შავდათუაშვილმა შვედ ტომი მაციასს სძლია. აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილი ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ერთდროულად ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. საქართველოს ნაკრების ლიდერი ოლიმპიური ჩემპიონი 2012 წელს ლონდონში გახდა, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს 2013 წელს ბუდაპეშტში დაეუფლა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ანგარიშზე 4 საშეჯიბრო დღის შემდეგ თითო ოქროსა და ვერცხლის მედალია. მსოფლიოს ვიცეჩემპიონი -81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა. ამ დროისთვის, ლაშა გუჯეჯიანის გუნდი ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები