დაიწყეთ ყველაზე დიდი მიზნით და ამ მიზნისთვის მუხლჩაუხრელად იშრომეთ 24 საათი, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
მისი თქმით, მიუღწეველი არაფერია.
“ჩემი გამოცდილებით მინდა გირჩიოთ, მიიღეთ ჩემი თავმდაბალი რჩევა, მივცემ თავს ამის უფლებას – ყველაზე მთავარი, რაც მე საკუთარ თავზე გამოვცადე და რამაც განაპირობა შემდგომი წარმატებები არის შემდეგი: რამდენიმე აუცილებლად გასაკეთებელ საქმეს გამოვყოფ – პირველი, ეს არის თავდადება და თავგანწირვა. თუ ადამიანმა, სტუდენტმა, ახალგაზრდამ პირველ რიგში, მიზანი არ დაისახა, ისე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეიძლება ისწავლოს, უსაზღვრო განათლება მიიღოს, მაგრამ ეს განათლება და ნიჭი ვერ გამოიყენოს. ჩემი თავმდაბალი რჩევა იქნება, ჯერ მკაფიოდ ჩამოყალიბდეთ მიზანზე – თქვენი მიზანი უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რა უნდა იყოს თქვენი მთავარი ოცნება, თქვენი მისაღწევი უდიდესი მიზანი. გირჩევთ, რომ ეს თამასა ასწიოთ უმაღლეს დონეზე. არ უნდა დაიწყოთ პატარა მიზნით, დაიწყეთ ყველაზე დიდი მიზნით. მეორე, რაც მინდა გირჩიოთ, არის თავდადება – ამ მიზნისკენ მუხლჩაუხრელი, 24-საათიანი შრომა. ყოველი ჩვენი მიღწეული წარმატება, იქნება ეს პირველი კურსის დამთავრება, მეორე კურსის დამთავრება, ჩვენს წარმოსახვაში უნდა გვაახლოებდეს ამ მიზანს. ჩვენ თუ ამ სულისკვეთებით ვივლით, ყველა მიაღწევთ დიდ ოცნებას და მიზანს, იმიტომ, რომ მიუღწეველი არაფერია, თუ ადამიანი დაისახავს მიზანს, ის ყველაზე წარმოუდგენელ ოცნებას და მიზანს აუცილებლად მიაღწევს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს მთავრობის მეთაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და პირველკურსდამთავრებულებს შეხვდა.