ირაკლი ღარიბაშვილი: განათლებაში დიდი თანხების ინვესტირებას განვახორციელებთ (ვიდეო)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ განათლებაში დიდი თანხის ინვესტირება განხორციელდება.
მისივე თქმით, განათლებული თაობა ძლიერი საქართველოს ფუნდამენტია.
“მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, პირველი კურსის დამთავრება. ეს მართლაც არაჩვეულებრივი გარემო, რომელიც შეიქმნა ფონდ „ქართუს“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და დახმარებით, არის მართლაც უნიკალური პროექტი, ევროპული ტიპის უნივერსიტეტი როგორც ხარისხით, ასევე განათლების დონით, სადაც გეძლევათ საშუალება, მიიღოთ ევროპული დონის განათლება.
განათლებაში ჩვენ ძალიან დიდი თანხების ინვესტირებას განვახორციელებთ. განათლების გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია, ვინაიდან განათლებული თაობა არის ის მყარი ფუნდამენტი, საფუძველი იმისა, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი საქართველო. მინდა, ყველას წარმატება გისურვოთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს მთავრობის მეთაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და პირველკურსდამთავრებულებს შეხვდა.