იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს ექნება შეუზღუდავი მანდატი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში, – ამ და სხვა თემებზე იუსტიციის მინისტრმა და სახელმწიფო ინსპექტორმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
როგორც “კვირას” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეები მომავალი თანამშრომლობის საკითხზე შეთანხმდნენ.
მათივე ცნობით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან მჭიდროდ ითანამშრომლებს კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით, დაიგეგმება ერთობლივი ტრენინგები ორი უწყების წარმომადგენლებისათვის, სადაც მხარეები ინფორმაციას გაცვლიან პერსონალური მონაცემებისა და მისი დაცვის მექანიზმების შესახებ. ერთობლივი აქტივობები განხორციელდება, აგრეთვე, პირადი ინფორმაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი – ნიკა ცხვარაშვილი და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები.