„საქართველოში რუსეთის Правфонд-ის პარტნიორი მემუქრებოდა და ჩემზე ზეწოლას ახორციელებდა“ – ჟურნალისტი მირანდა ოგანეზოვა
ჟურნალისტი, გაზეთ “თანამემამულეს” ყოფილი მთავარი რედაქტორი, მირანდა ოგანეზოვა რუსეთის Правфонд-ის პარტნიორს საქართველოში, ალექსანდრე ბეჟენცევს ზეწოლასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ოგანეზოვამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ოგანეზოვას თქმით, ბეჟენცევი აიძულებდა, მის ყოფილ კოლეგაზე შეურაცხმყოფელი და არაეთიკური მასალა მოემზადებინა.
„ეს გაზეთი გამოვიდა რუსულენოვანი მოსახლეობის, რუსული დიასპორის წარმომადგენლის ინიციატივით. კონცეფციის მიხედვით, მასალები რუსულენოვანი მოსახლეობის შესახებ უნდა ყოფილიყო. აქ იყვნენ სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანები: აზერბაიჯანელები, რუსები, უკრაინელები, სომხები. რუსულ დიასპორაში რამდენიმე რუსულენოვანი ორგანიზაციაა. ერთერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელია ალექსანდრე ბეჟენცევი. ის გახლავთ რუსეთის Правфонд-ის (“რუს თანამემამულეთა უფლებების მხარდამჭერისა და დაცვის ფონდის”) პარტნიორი საქართველოში. ეს ფონდი 10 წლის შეიქმნა და მოწოდებულია იმისთვის, რომ მთელს მსოფლიოში რუსულენოვანი ჟურნალისტები, მოსახლეობა დაიცვას. ამისთვის გამოყოფენ ფინანსებს. Правфонд- მა გადაწყვიტა, რომ თბილისში 2 ცენტრი დაეფინანსებინა. ერთერთი ცენტრის ხელმძღვანელია ალექსანდრე ბეჟენცევი. მას ჰქონდა კონფლიქტი მის ყოფილ კოლეგასთან, ერთერთი რუსული სკოლის ყოფილ დირექტორთან. ალექსანდრემ მომთხოვა, რომ ამ ადამიანზე დამეწერა შეურაცხმყოფელი, არაეთიკური სტატია. ეს ადამიანი უნდა მომეხსენიებინა ფსიქიკურ ავადმყოფად, შიზოფრენიკად, სექსუალურ უმცირესობად და ეს უნდა ყოფილიყო ნეგატიურ კონტექტში. მე ამაზე კატეგორიული უარი განვაცხადე, რის შემდეგაც ბეჟენცევი დამემუქრა, რომ სამსახურის დატოვებას მაიძულებდა. ეს სერიოზულად არ აღვიქვი. როცა უარი განვაცხადე, მან შემომთავაზა ასეთი ვარიანტი: ეს სტატია ანონიმურად უნდა დამეწერა. ეს ვარიანტიც მიუღებელი იყო ჩემთვის.
ბეჟენცევმა ჩემი შევიწროება დაიწყო. ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, არამოტივირებული პრეტენზიები, დამატებითი შრომის საფასურადაც ცდილობდა, სამსახური დამეტოვებინა. თან იმეორებდა, სტატია მჭირდება და თუ დაწერ, ხუთმაგ ხელფასს მიიღებო.
სიტუაცია თანდათან მძიმდებოდა. იყო დისკრედიტაციის ფაქტები. ჩანაწერებშიც, რომლის გაკეთებაც მომიწია, დაფიქსირებულია: ის ამბობს, მე მივმართე სხვადასხვა მედიასაშუალებას და შენგან არავინ აღარაფერს მიიღებს, რადგან არაკომპეტენტური ხარო.
მან თქვა, მე დავასრულებ მირანდასო. არ ვიცი, რას გულისხმობდა, როგორ აპირებდა ჩემ დამთავრებას, მაგრამ ძალიან შემაშფოთა ამან, რადგან ვიცოდი, იარაღის საკითხთან დაკავშირებით მას რამდენიმეწლიანი პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი“, – განაცხადა ოგანეზოვამ.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურასაც მიმართა.
„მე დავწერე განცხადება, დავტოვე გაზეთი. განცხადებაში აღვნიშნე, რომ ასეთ გარემოებებში მუშაობა არ შემიძლია და პროკურატურას მივმართე. ეს მოხდა 2019 წლის ბოლოს. ბეჟენცევი აცხადებს, რომ საქმე დახურულია, მივმართე გამომძიებელს და მითხრეს, რომ საქმე არაა დახურული. მე დამატებითი მტკიცებულებების შეტანა გადავწყვიტე, სადაც დევნა მკაფიოდ ჩანს.
მე „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც“ მივმართე. 9 თვის შემდეგ ქარტიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული გამოცემა არაა გაზეთი და ეს ვერ ჩაითვლება ჟურნალისტურ საქმიანობად. ბეჟენცევის ქმედებებზე უარესი ქარტიის გადაწყვეტილება გამოდგა. 3 -წლიანი ჟურნალისტური ნამუშევარი მედიად არ ცნეს. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ქარტიის ხელმძღვანლის თანამშრომელი – იურისტი, ბეჟენცევის იურისტიცაა. ანუ ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება.
მივმართე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ევროპის საბჭოს. იმავე დღეს ევროპის საბჭოსგან მომივიდა პასუხი, რომ მათ დიდი დაინტერესება გამოიჩინეს, ეს განცხადება ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს უმაღლეს კომისარს გადაუგზავნეს. გარდა ამისა, გადასცეს ევროკომისიას დისკრიმინაციისა და რასიზმის წინააღმდეგ, ეროვნულ უმცირესობათა შესახებ კომიტეტს. ასევე, გადაგზავნილი იყო ორგანიზაციაში, რომელიც ევროპაში ჟურნალისტების უფლებებს იცავს“, – განაცხადა ოგანეზოვამ.
ალექსანდრე ბეჟენცევი ოგანეზოვას ბრალდებებს უარყოფს.
„ოგანეზოვამ უკვე უშედეგოდ მიმართა პროკურატურას, სახალხო დამცველს, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა“ და ბევრ სხვა ორგანიზაციას. ის რეკავს სხვადასხვა ადამიანთან, წერს წერილებს, ჩემს საქმიან რეპუტაციას ტყუილის გავრცელებით ლახავს.
ბოლო სტატიის შემდეგ მაიძულა, მომეხდინა რეაქცია და ჩემი საჩივარი ქარტიის მიერ იქნა მიღებული“, – აცხადებს ბეჟენცევი „კვირასთვის“ მოწერილ წერილში.
რაც შეეხება „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს“ პოზიციას, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამოცემა „თანამემამულე“ ვერ შეფასდება მედიად და ჟურნალისტურ საქმიანობად.
„განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო რუსულენოვანი ბეჭდური გამოცემა „თანამემამულე“ (соотечественник). თავად აღნიშნული გამოცემა თავის თავს აღწერს, როგორც „საქართველოში რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს გაზეთი“, საქმის განხილვის დროს გამოიკვეთა, რომ აღნიშნული გამოცემა არ ვრცელდება საჯაროდ, არ არის განკუთვნილი ფართო აუდიტორიისათვის, არ აღიქმება საზოგადების მიერ, როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებად და განკუთვნილია მხოლოდ რუს თანამემამულეთა წრისათვის, რათა მათ მიიღონ ინფორმაცია თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ. მეორე მხრივ, მედიის დამახასიათებელი თვისებაა, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის, რაც ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (აუდიოფაილები, მიმოწერა) უფლებამოსილი ორგანოების მიერ (სახალხო დამცველი, სასამართლო, სამართალდამცავი უწყებები) მათი კომპეტენციის ფარგლებში შესაძლებელია, შეფასებული იქნას დისკრიმინაციად, ზეწოლად, მაგრამ მათზე ვერ იმსჯელებს ქარტიის საბჭო, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, გამოცემა „თანამემამულე“ ვერ შეფასდება მედიად და ჟურნალისტურ საქმიანობად“, – წერია ქარტიის საბჭოს განცხადებაში.