საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ლაშა დარსალია დაინიშნა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ლაშა დარსალია, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ ჯანჯალია დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლაშა დარსალია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას 2018 წლიდან იკავებდა, იგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელია.
დარსალია 2017 – 2018 იკავებდა შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2008-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში სხვადასხვა პოზიციებზე: 2008 – 2009 ანალიზისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად; 2009 – 2016 უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორად; 2016-2017 საქართველოს დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური დირექტორატის ხელმძღვანელად; 2002 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ლონდონის საინფორმაციო ცენტრში კონფლიქტებისა და სახელმწიფო აღმშენებლობის შესახებ სხვადასხვა პოზიციებზე: 2002-2004 ანალიტიკოსად ეთნიკური უმცირესობების და კონფლიქტების განხრით; 2004 ორგანიზაციის წარმომადგენელად, პროექტების მენეჯერად აზერბაიჯანში; 2004 – 2005 ორგანიზაციის წარმომადგენლად, პროექტების მენეჯერად სომხეთში; 2005 – 2006 სამხრეთ კავკასიის პროექტების კოორდინატორად. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ კი თეიმურაზ ჯანჯალია დაინიშნა. ჯანჯალია დიპლომატიურ სამსახურში 1998 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობს.
2018 -2021 წწ. გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი; 2013-2018 წწ. – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში; 2012-2013 წწ. – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; 2011-2012 წწ. გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2007-2008 წწ. – საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ლატვიის რესპუბლიკაში; 2004-2007 წწ. გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის, რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი.