ხატია წილოსანი: სახელისუფლებლო შტოების ჩართულობითა და აქტიური თანამშრომლობით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან” საკითხი არის მოგვარებული
„სახელისუფლებლო შტოების ჩართულობითა და აქტიური თანამშრომლობით, კომპანიასთან, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გამოყენებით, საკითხი არის მოგვარებული”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა პროტესტი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” მიმართ ხელისუფლების ჩართულობითა და აქტიური თანამშრომლობით მოგვარებულია.
„მაშინ, როდესაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივ რესურსების კომიტეტი, ჩვენს კოლეგებთან ერთად, ძალიან აქტიურად მუშაობდა გარემოს დაცვითი კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ისმენდა კონკრეტულ ანგარიშებს, თუ რა მდგომარეობა იყო „ჯორჯიან მანგანეზთან” მიმართებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, თქვენ არ იყავით ჩვენ გვერდით, სხვა პრიორიტეტები გქონდათ. თუმცა, მიხარია, რომ დაუბრუნდით სამუშაო რეჟიმს და დაინტერესდით ამ საკითხებით. ეს საკითხი უკვე არის მოგვარებული და გადაწყვეტილი.
ადამიანებმა, რომლებსაც ჰქონდათ პროტესტი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მიაღწიეს კომპანიასთან შეთანხმებას და მიმდინარეობს ბოლო იურიდიული პროცედურები. ის, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს ჰქონდათ პროტესტი და მათ გამოაცხადეს შიმშილობა და მიმართეს რადიკალურ ზომებს, ამას ჩვენი რეაქცია მყისიერად მოჰყვა.
ჩართულობა იყო დარგობრივი სამინისტროების მიხრიდანაც. პოლიტიკური განცხადებების გარდა, სამუშაო რეჟიმში ჩვენ გვქონდა ურთიერთობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ამ პროცესში. ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ არც მთავრობა და არც პარლამენტი არ ინტერესდება ადამიანების ბედით. პირიქით, სწორედ სახელისუფლებლო შტოების ჩართულობითა და აქტიური თანამშრომლობით კომპანიასთან, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გამოყენებით, საკითხი არის მოგვარებული”, – განაცხადა ხატია წილოსანმა.