მამუკა ხაზარაძე: მოგიწოდებთ, შეიქმნას პარლამენტში ეკონომიკური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუ როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან
“ვაქცინაციის მენეჯმენტის მიმართულებით არის სავალალო მდგომარეობა საქართველოში და ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო გაიწელება ეს მდგომარეობა, მით უფრო გვიან გაიხსნება ეკონომიკა, შესაბამისად, სწორედ ის მენეჯმენტია უსუსური, რომლის პირველი პირი თქვენ მიერ იქნა შერაცხული ყველაზე ძლიერ კრიზის-მენეჯერად და გუშინ ჩვენ მოვისმინეთ თქვენი უკვე ამ შემთხვევაში არაფორმალური თავმჯდომარის შეფასება გიორგი გახარიას მიმართ, რომ იგი არის მოღალატე”, – ამასთან დაკავშირებით “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა.
“მოღალატეობრივი შეფასება ამ ადამიანის უნდა გაგეკეთებინათ მაშინ, როცა მან ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სტრატეგიული პროექტი ჩააგდო – ანაკლია მაქვს მხედველობაში და მე ამას არ ვლაპარაკობ უბრალოდ პოლიტიკური განცხადების გამო, მე ამას ფაქტებითა და მტკიცებულებებით გაგიმყარებთ, რომ ეს იყო დივერსია ჩვენი ქვეყნის, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას ამ ჩავარდნილ პროექტთან დაკავშირებით. ერთი თვეა, რაც პარლამენტში ვარ მოსული. არცერთ თქვენგანს, იმ ადამიანებსაც კი, ვისაც კარგად ვიცნობ, კითხვაც კი არ დაგისვამთ, რეალურად რა მოხდა, რეალურად, რატომ გაჩერდა ამხელა პროექტი, იქნებ მოგესმინათ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, რომ გარკვეულიყავით, რეალურად, რა მოხდა. მერე შეიძლება, დამეთანხმოთ ან არ დამეთანხმოთ. ეს არის პრობლემა.
შემოვდივარ წინადადებით, რომ შეიქმნას პარლამენტში პროფესიონალების ინტერპარტიული ეკონომიკური ჯგუფი, რომელიც დადებს ამ ქვეყანაში კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორ გამოვიდეს ეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან. შესაბამისად, ჩვენ ყოველგვარი პოლიტიკის, ყოველგვარი თავდასხმის გარეშე გვექნება ეკონომიკური მიმართულება, რომელსაც დაეთანხმება ყველა იმიტომ, რომ ამ კინკლაობაში დავიწყებულია ყველაზე მთავარი – ადამიანი, ხალხი, რომელიც ღატაკდება”, – განაცხადა ხაზარაძემ.