“ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, უსაფრთხოების სამსახურს და ვითხოვთ გამოძიების დაწყებას, შესაბამისად, კობახიძესაც მოუწევს პასუხების გაცემა”
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურს მიმართეს, რათა დაიწყონ გამოძიება და ბრალდებებს პასუხი გაეცეს.
„მინდა, გამოვეხმაუროთ რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, ჩვენი გუნდის ლიდერის და არა მარტო მის მიმართ, არამედ დღესაც მოქმედი პოლიციელების და ჯარისკაცების მიმართ გამოითქვა სხვადასხვა ტიპის ბრალდება. ეს ბრალდებები არ ეფუძნება არანაირ ობიექტურ გარემოებებს და მხოლოდ ჭორაობაზე არის დაფუძნებული. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რათა დაიწყონ გამოძიება, რადგან გაეცეს პასუხი დისკრედიტაციის მიზნით გაჟღერებულ ბრალდებებს ან დაერქვას თავისი სახელი, რომ ეს არის ცილისწამება და ცრუ დასმენას. ჩვენ მივმართეთ და ვითხოვთ გამოძიების დაწყებას. შესაბამისად, კობახიძესაც მოუწევს პასუხების გაცემა“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
პარტიამ „საქართველოსთვის“ ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურს მიმართა.