მეუფე იაკობი: რატომ ლაპარაკობენ, რომ გიორგი გახარია ივანიშვილის პროექტია, ჩემთვის გაუგებარია, მის გუნდში ადეიშვილის, მერაბიშვილისა და კეზერაშვილის კადრები ვნახე
“რატომ ლაპარაკობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტია, ჩემთვის გაუგებარია. მე ველოდებოდი, ვის წარადგენდა თავის გუნდში და ადეიშვილის, მერაბიშვილის, ასევე, კეზერაშვილის კადრები ვნახე”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიამ თავის დროზე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ესკალაცია მომხდარიყო.
“საკმაოდ დიდი პერიოდი გიორგი გახარია იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ისე – ვიცეპრემიერი და შემდეგ პრემიერი. პრემიერობამდეც მოქმედ პრემიერზე მეტი ძალა ჰქონდა და მერე თვითონ გახდა პრემიერი. პანდემია რომ არ მოსწრებოდა, იყო საუბრები, რომ უნდა წასულიყო თანამდებობიდან. ახლაც მიდიოდა საუბრები, რომ ცოტა ხანში წავიდოდა, მელიას საქმეს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
მე ვფიქრობ, რომ დაასწრო მოვლენებს, იცით, რომ ინფორმაციები მეც მაქვს იქედან. გახარიამ მუშტების ბრახუნითაც დაარწმუნა პარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა იყო აუცილებელი. ყველაფერი გააკეთა, რომ ესკალაცია მომხდარიყო და გააკეთა თითქოს დიდი საქციელი ჩაიდინა. ცოტა ხანში გამოდის და ამბობს ამას რას აკეთებთო. უბრალოდ თავისებთან ცუდად გამოვიდა როგორც მე ვიცი. რატომ ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილის პროექტია ჩემთვის გაუგებარია. მე ველოდებოდი ვის წარადგენდა თავის გუნდში და იყო ადეიშვილის კადრები, ვნახე შიგნით, ადეიშვილის მერაბიშვილის ასევე კეზერაშვილის”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.