გიორგი ჯანჯღავა: იწყება პრემიერის ვიზიტი ანკარაში, თურქეთისა და საქართველოს კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები დინამიკაშია
“იწყება პრემიერის სახელმწიფო ვიზიტი ანკარაში, თურქეთისა და საქართველოს კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები დინამიკაშია”, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს პირისპირ შეხვდება, მოგვიანებით კი დელეგაციების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართება.
„იწყება საქართველოს პრემიერმინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი ანკარაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ასევე, გაიმართება დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა, რომელზეც განიხილება ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხები. მიუხედავად პანდემიის მიერ შექმნილი პრობლემებისა, საქართველოსა და თურქეთს შორის არის ბევრი საინტერესო საკითხი. ასევე მინდა, გითხრათ, რომ დინამიკაშია ჩვენი კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები.
მიმდინარე წელს შედგა რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა და მალე გაიმართება სხვადასხვა დონის შეხვედრები. ასევე მინდა,ვთქვა, რომ თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რომელიც არაერთხელ დაფიქსირდა როგორც პრეზიდენტის, ისე – საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან სხვადასხვა ორგანიზაციაში და მაღალი საერთაშორისო ტრიბუნებიდან”, – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ.