არჩილ თალაკვაძე – “ნაცმოძრაობაზე”: ახლა პარლამენტში დაინახავენ, თუ რას ნიშნავს ოპოზიციაში ყველაზე უკანა ადგილას ყოფნა იმიტომ, რომ ყველაზე ბოლოები შემოვიდნენ პარლამენტში
“7 თვის შემდეგ საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობდა ქვეყანას, იყო ანტისახელმწიფოებრივი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელი შეუშალა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წავიდნენ „მარცხჯნივ“. ზუსტად ასე შევაფასებდი მათ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ თან უნდათ პარლამენტში ყოფნა, თან არ სურთ შეთანხმებაზე ხელის მოწერა. მათ მოატყუეს საკუთარი მხარდამჭერები. უთხრეს, რომ ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება არის დესტაბილიზაცია, არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა, საბოტაჟი, ხელოვნური კრიზისი და 7 თვის შემდეგ საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობდა ქვეყანას, იყო ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი. ეს გახლავთ ანტისისტემური პარტია, რომელიც მხოლოდ იმით იყო დაკავებული ამ თვეების განმავლობაში, რომ როგორმე დაებლოკა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესი. ამით მათ ხელი შეუშალეს ქვეყნის განვითარებას, დააკარგვინეს სახელმწიფოს დრო და ენერგია. თუმცა, კარგია, რომ ეს ხელოვნური კრიზისი დასრულებულია. ახლა პარლამენტში დაინახავენ, თუ რას ნიშნავს ოპოზიციაში ყველაზე უკანა ადგილას ყოფნა იმიტომ, რომ ისინი ყველაზე ბოლოები შემოვიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
“ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო.