იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 7 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.

,,უკანონო ჭრა-ტრანსპორტირების 2 ფაქტია გამოვლენილი ჭიათურისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. სოფელ რცხილათის მიმდებარე ტყეში, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა წიფლისა და რცხილის სახეობის 3 ერთეული ხე-მცენარე და მისგან მიღებულ ხე-მასალის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.სოფელ ჭოგნარში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 3 ერთეული მუხის სახეობის ხე და ასევე უკანონოდ მოახდინა მისგან მიღებული ხე-მასალის ტრანსპორტირება.

ხე-ტყის უკანონო მოპოვების 5 ფაქტი კი გამოვლენილია საჩხერის, ხარაგაულის, ჭიათურისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეებმა, ტყის ფონდის ტერიტორიებზე, უკანონოდ 20 ერთეულამდე ფიჭვის, თხმელისა (მურყანი) და ალვის სახეობის ხე-მცენარე მოჭრეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება,”- ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები