როგორ იწყებოდა ქართული კონიაკის ისტორია

პირველი ქართული კონიაკი თბილისში 1887 წელს ჩამოასხეს. საქართველოში კლასიკური ტექნოლოგიით  კონიაკის წარმოების იდეა ცნობილ ქართველ მეცენატს და ბიზნესმენს, დავით სარაჯიშვილს ეკუთვნის. პირველი ქარხანა  სარაჯიშვილმა  თბილისში 1884 წელს გახსნა. ამაში მას ფრანგული კონიაკის სახლის, Camus-ს დამაარსებელი ჟან-ბატისტ კამიუ დაეხმარა. თავდაპირველად ქარხანაში მაღალი ხარისხის სპირტს აწარმოებდნენ.

1885 წელს სარაჯიშვილმა თბილისში ააგო დიდი მოცულობის სასაწყობე მეურნეობა, სადაც სპირტის გარდა, ღვინო–მასალებს, ხილ–კენკროვან ნაყენებს, მორსებს, ესენციებს, რომსა და კონიაკს ინახავდნენ. ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებული იყო სახელოსნოები და მაღაზიები. საკონიაკე სპირტებს, გამოხდის ადგილების მიხედვით, ცალკ–ცალკე ათავსებდა ისე, რომ სხვადასხვა ადგილებიდან მიღებული ღვინის სპირტი ერთმანეთში არ შერეულიყო. საკუთარი ვენახებიდან მიღებული ღვინის გარდა, სპირტის ნედლეულს სხვა მსხვილი მრეწველებისგანაც ყიდულობდა. ღვინოს იმ შემთხვევაში ყიდულობდა, თუ ის ჭაჭისა და ყურძნის ჩენჩოს გარეშე იყო დაყენებული. დავითმა შეისწავლა და ქიმიური ანალიზი ჩაუტარა ყურძნის ტრადიციულ ჯიშებს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ ორგანოლეპტიკით და ქიმიური შემადგენლობით ისინი ძალიან უახლოვდებიან ფოლ ბლანშის და კოლომბარის ფრანგულ ჯიშებს, რომლებისაგანაც საფრანგეთში საკონიაკე სპირტს ამზადებენ, 1887 წელს თბილისში კონიაკის პირველი ქარხანა გახსნა. მის ქარხანაში კონიაკისა და ლიქიორის დაკუპაჟებას ფრანგი სპეციალისტები – ჟურდი და ბურდონი ხემძღვანელობდნენ.

1889–1913 წლებში სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა (განსაკუთრებით „ძველისძველმა“) და სხვა სასმელებმა საერთაშორისო და რუსეთის დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო 9 ოქროს, 5 ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი. თბილისში, მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე მოწყობილ „კავკასიის გამოფენაზე“ სარაჯიშვილის ფირმას სპეციალური ადგილი ჰქონდა გამოყოფილი.  მისი ნაწარმი აღიარებული იყო, აგრეთვე, პარიზში, ლონდონში,ბერლინში, ვენაში, ჟენევაში, კონსტანტინეპოლში.

სარაჯიშვილის პირველი ქარხანა ყოფილი ბელინსკის, ახლანდელი ჭოველიძის ქუჩაზე მდებარეობდა.1954 წელს კონიაკის ქარხანას ადგილმდებარეობა შეუცვალეს და ის ავჭალაში გადაიტანეს. ქარხნის საცავში დღემდე დგას 16 ათასი ცალი მუხის კასრი,რომლებშიც სხვადასხვა დაძველების სპირტებია ჩამოსხმული. ხოლო „სამოთხეში“ (ასე ჰქვია საცავის სპეციალურ განყოფილებას) თავად დავით სარაჯიშვილის ხელით ჯერ კიდევ 1893 წელს გამოხდილი უნიკალური სპირტები ინახება.


გამოყენებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მასალები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები