არწრუნის ქარვასლა – შენობა, რომლის ისტორია 1650 წელს იწყება

ქარვასლა თურქულად ქარავნის სახლს ნიშნავს – დიდ სახალხო დაწესებულებას გზებზე და დაუსახლებელ პუნქტებში, რომელიც მოგზაურთა სავაჭრო ქარავნების ღამის გასათენებელი და გასაჩერებელი ადგილის ფუნქციას ატარებდა.

ქარვასლები ზოგჯერ ფუფუნებით მოწყობილი, თუმცა უფრო ხშირად ძალიან მარტივი და მოუწყობელი შენობები გახლდათ, სადაც მოგზაურებს თავად უნდა ჰქონოდათ საწოლი ხალიჩები და სურსათი თავიანთთვის და მათი პირუტყვისთვის. ხშირად ამ დაწესებულებაში მხოლოდ წყალი იყო, რომელიც შორიდან მოჰქონდათ. ქარვასლას აუცილებლად ჰქონდა პირუტყვის დასაბმელი თავლა. მსხვილ ქალაქებში ქარვასლა სრულფასოვან თანამედროვე სასტუმროს ჰგავდა, დამატებითი მომსახურებით — კვებით, აბანოებით და ფულის გაცვლის პუნქტებით. სავაჭრო გზებზე კი ეს იყო მარტივი კონსტრუქციის ოთხკუთხა ნაგებობა შუაში ეზოთი და მის ცენტრში კი ჭით. შენობის გარე კედლები როგორც წესი გამაგრებული იყო ავაზაკთა თავდასხმის ან ალყის მოკლე ხნით მოგერიებისთვის.

ტერმინი „ქარვასლა“ საქართველოში გაბატონებულია უკვე XVII—XVIII საუკუნეებში. უფრო ადრე სასტუმრო სახლის აღმნიშვნელ ტერმინად იხმარებოდა ფუნდუკი. შენდებოდა ორ-, სამ- და ოთხსართულიანი ქარვასლები, ძირითადად კი, გავრცელებული იყო შიგაეზოიანი და დარბაზული. ქარვასლას ჰქონდა საცხოვრებელი ოთახები, სავაჭრო დუქნები, საქონლის შესანახი სარდაფები, საჯინიბოები და ეზოები პირუტყვის გასაჩერებლად. XIX საუკუნეში თბილისში 13 დიდი ქარვასლა იყო. თბილისის ქარვასლებში ინახებოდა და მერე ნაწილდებოდა მთელ ამიერკავკასიაში უცხოეთიდან შემოტანილი საქონელი. ქარვასლაში გაჩერებული ვაჭარი იხდიდა ბაჟს — საქონლის ფასის 1/4-ს. გარდა სავაჭრო ოპერაციებისა, აქ ხდებოდა სავაჭრო გარიგებები, დგებოდა კომერციული ხასიათის საქმეები და სხვა. XIX საუკუნის 70-იან წლებში, სარკინიგზო ხაზის გაყვანის შემდეგ ქარვასლამ დაკარგა მნიშვნელობა.

თბილისში შემორჩენილთაგან უძველესია ე.წ. არწრუნის ქარვასლა (სიონის ქ. N8). ამ ადგილას პირველი ქარვასლა ჯერ კიდევ როსტომ მეფემ ააშენა 1650 წელს და მოგვიანებით თბილელ ეპისკოპოსს უბოძა. 1795 წელს აღა მაჰმად ხანის შემოსევისას დანგრეული შენობის ადგილას XIX საუკუნის I ნახევარში ძველი საძირკვლის გამოყენებით არწრუნის ქარვასლა აშენდა. 1855 წელს მომხდარი ხანძრის შემდეგ ნაგებობა გადააკეთეს. ქარვასლამ თავდაპირველი ფუნქცია 1920-იან წლებამდე შეინარჩუნა.

შენობის ცენტრს წაგრძელებული ფორმის შიდა ეზო წარმოადგენს. მის ირგვლივ ორ სართულად განლაგებული სათავსებია, რომლებიც თაღოვანი ღიობებით იხსნება რკინის აივნებისკენ. ქარვასლის სანაპიროსკენ მიმართული ფასადი 1820 წელს განეკუთვნება და რუსული კლასიცისტური სტილის ერთი ღირსშესანიშნავი ნიმუშთაგანია თბილისში. სიონის ქუჩის მხარეს მიმართული ფასადი 1912 წელს აშენდა და მოდერნის სტილის ნიშნებს ატარებს. აღსანიშნავია როსტომ მეფის დროინდელი, კამაროვანი გადახურვის მქონე სარდაფი.

1884 წელს ნაგებობის ადაპტაცია-რესტავრაციის შედეგად (არქ. გ. ბათიაშვილი) ქარვასლის გახსნილი შიდა ეზო ცილინდრული კამარით გადაიხურა. 1985 წლიდან აქ საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმია.

თვით მუზეუმი, იმჟამად მუნიციპალური მუზეუმი, დაარსდა 1910 წელს. მის ფონდებში დაცულია 50 000-მდე ექსპონატი, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებთა ისტორიას და კულტურას ასახავს უძველესი დროიდან დღემდე. აქ წარმოდგენილია არქეოლოგიური მასალა – ბრინჯაოს და რკინის აირაღი, ლითონის, მინის, თიხის, ქაშანაურის, ფაიფურის ჭურჭელი, სამკაულები, საბეჭდავები, მონეტები და დროშები, საყოფაცხოვრებო ნივთები; აქვეა თბილისის ამსახველი ძველი ფოტოები, რუკები, გეგმები, ფერწერული ტილოები და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები