საიდან მოდის ქუთაისური მიმართვა „სიმონ“ – ტრაგიკული ისტორია, რომელიც შესაძლოა, არ იცოდეთ
დღეს უამრავი რამაა ისეთი, რასაც თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ჩვენ მას ამ ისტორიის გარეშე ვიყენებთ. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ცნობილი მიმართვა „სიმონ“, რომელსაც იმერეთში, მეტწილად კი, ქუთაისში შევხვდებით. არც ქუთაისის ცნობა და, მით უმეტეს, არც იქ ცხოვრებაა საჭირო იმისთვის, რომ მიმართვის ამ ფორმისთვის სადმე ერთხელ მაინც მოგვეკრას ყური ან თუ არ მოგვიკრავს, აუცილებლად გაგვიგია, რომ ქუთაისში ხშირად მიმართავენ ერთმანეთს ასე. რეალურად, ამ მიმართვის უკან ძალიან ტრაგიკული და მძიმე ისტორიაა, რომლიც ქართველ სასულიერო მოღვაწეს, სიმონ მჭედლიძეს უკავშირდება.
მიმართვა „სიმონ“ მე-20 საუკუნის საქართველოში გვაბრუნებს, სადაც რუსული რეჟიმი იყო გამეფებული და აქტიურად მიმდინარეობდა ქართული ეკლესია-მონასტრების ნგრევა საბჭოთა ხელისუფალთა მიერ. იმ დროს საქართველოში იყო ასეთი მღვდელმსახური – სიმონ მჭედლიძე, რომელიც ღრმადმორწმუნე ქრისტიანი გახლდათ და რეჟიმის წინააღმდეგი იყო. ის ასევე გახლდათ რედაქტორ-გამომცემელი გაზეთ „შინაური საქმეების“, სადაც დაუფარავად აკრიტიკებდა საბჭოურ რეჟიმს.
ამის გამო, სიმონი ქუთაისიდან გააძევეს და იქ ჩასვლა აუკრძალეს კიდეც.
სიმონი თავის მშობლიურ სოფელ სვირში წავიდა და სკოლა გახსნა. ამ დროისთვის უკვე იმერეთში დანგრეულიყო ბევრი ეკლესია, მათ შორის, სობოროს ტაძარიც. 1924 წელს სოფელ როდინაულში რუსებმა დაანგრიეს მაცხოვრის სახელობის ეკლესია და მის ადგილას თეატრი დადგეს. მოსახლეობა ძალიან გაანაწყენა ამ ფაქტმა და ბოლომდე იბრძოლეს ეკლესიის დასაბრუნებლად. ამ შრომამ შედეგი გამოიღო და ეკლესია თავიდან აღდგა. მხოლოდ ეკლესიის კურთხევაღა იყო დარჩენილი, რომ მაშინდელმა ეპისკოპოსმა, ნაზარ ლეჟავამ თავის მოძმე მღვდლებთან ერთად გადაწყვიტა სოფელ როდინაულში ჩასვლა. იმავე დღის მეორე ნახევარში სიმონ მჭედლიძემ, ნაზარ ლეჟავამ და მოძმე მღვდლებმა აკურთხეს ეკლესია, დაღლილმა ბერებმა კი ამის შემდეგ დაძინება გადაწყვიტეს.
და, აი, დადგა საბედისწერო ღამე, როდესაც „ჩეკისტები“ ბერებს თავს დაადგნენ და დააპატიმრეს. ისინი ერთ დილეგში დაატყვევეს და ერთი თვის მანძილზე აწამებდნენ.
წამების დროს სიმონ მჭედლიძეს თურმე ასეთი სიტყვებით მიმართავდნენ ჯალათები: „გტკივა, სიმონ?” „არა, სიმონ?” „აბა, ახლა რას იტყვი, სიმონ?”…
თავად ჩეკისტებიც გაოცებულები იყვნენ სიმონის გამძლეობითა და შეუპოვრობით. სწორედ მათგან გავარდა ხმა სიტყვა „სიმონ“-ზე და ის გახდა გამძლეობისა და ამტანობის სიმბოლო.
საფიჩხიის ტყეში დახვრეტილ სასულიერო პირებს შორის იყო მღვდელი სიმონ მჭედლიძეც. იმ ხუთთაგანი, სასტიკად ნაგვემები და თოკით ერთმანეთზე გადაბმულები 1924 წლის მარიამობა ღამეს რომ დახვრიტეს, ხოლო შემდეგ ტყვიანასროლებსა და ჯერაც ცოცხლებს მიწა მიაყარეს.
სამწუხაროდ, მათი საფლავების ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.
ეკლესიამ სიმონ მჭედლიძე ახალმოწამედ შერაცხა.